ჩერნობილი

მეორე არალეგალური ლაშქრობა ჩერნობილის ზონაში

შესავალი

              ერთი წელი გავიდა დაახლოებით, იმის მერე, რაც მე პირველად ვეწვიე ჩერნობილის ზონას. სიმართლე გითხრათ, მთელი წელი სულითა და გულით მინდოდა იქ დაბრუნება, როგორც არის ხოლმე სულ, რომ გესიზმრება და გარშემო ყველაფერი, რომ გახსენებს იქაურობას. დადგა ჟამი, მე ჩავფრინდი კიევში, აეროპორტიდან დაწყებული ყველაფერი ნაცნობი და მყუდრო იყო. ჩასვლა დავამთხვიე უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, საქმე იმაშია, რომ მე ვარ ჯგუფი „ოკეან ელზის“ დიდი მოყვარული და სწორედ 24 აგვისტოს, დამოუკიდებლობის დღეს მათ ჰქონდათ კონცერტი, რომლის ბილეთი ვიყიდე ჯერ კიდევ ზამთარში. ჩერნობილამდე მოვინახულე ძველი მეგობრები და ახლებიც შევიძინე.

კიევის ცენტრალური მოედანი. მაიდან ნეზალეჟნოსტი

კიევის ცენტრალური მოედანი. მაიდან ნეზალეჟნოსტი

 

სამხედრო აღლუმის მერე ტექნიკის დათვალიერება

სამხედრო აღლუმის მერე ტექნიკის დათვალიერება

მე და სუსანინი

მე და სუსანინი

მე და Андрей МШ

მე და Андрей МШ

მე და Chernobyl Zone By Stalker Eyes ჯგუფის ერთერთი ადმინი

მე და Chernobyl Zone By Stalker Eyes ჯგუფის ერთერთი ადმინი

             კიევში კვლავ ჩემს მეგობართან ვიტალი სუსანინთან დავბინავდი. ასევე ვიმოგზაურე ბელარუსში, სადაც შევხვდი სტალკერული ქომიუნითის წევრებს და რამდენიმე საინტერესო ადგილი დავათვალიერე, ერთ-ერთი მათგანი იყო ბირთვული რაკეტების საცავი „გომელ 30“. 

ობიექტი "გომელ - 30"

ობიექტი “გომელ – 30”

 იგი მდებარეობს ჩერნობილის ზონის მახლობლად, ოღონდ ბელარუსის მხრიდან. იმ ობიექტზე ლაშაქრობა იყო დაახლოებით იგივე სირთულის, რაც ჩერნობილში წასვლა. 1 დღე-ღამეში მომიწია მინსკიდან ნახევარი ქვეყნის გავლა ავტოსტოპით, შემდეგ 26 კილომეტრის ღამით ტყეში ფანრების გარეშე გავლა, დაცულ ტერიტორიაზე შესვლა, სასურველი ობიექტის პოვნა, 16 კილომეტრი იქედან დასახლებული პუნქტის გავლით გომელის გზაზე მდგარ გაჩერებაზე სიარული, გაჩერებაზე ძილი და დილით ქალაქ გომელში დაბრუნება. ეს ყველაფერი ხდებოდა მინიმალური აღჭურვილობით, საკვების ნაკლებობით, ცივ და ნესტიან კლიმატში ღამით საზაფხულო ჩაცმულობით გაჩერებაზე ძილით. მოკლედ ჩემი ორგანიზმის და სულის ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა და დავბრუნდი კიევში.


მზადება


წელს ჯგუფის დაკომპლექტება ვცადე ჩემით, თბილისიდან ამ ლაშქრობაში წამომყვა ჩემი მეგობარი არჩილი. მასთან ერთად ნავთლუღში ვიყიდე სპეციალური წინდები და ქვედა საცვალი. სხვათა შორის კარგად გამომადგა და არ ვინანე, რომ ვიყიდე. მოგვიანებით კიევში ჩამოვიდა ჩემი ორი სარატოველი მეგობარი, დიმა და ეგორი, მათგან ერთი უკვე იყო ნამყოფი ჩერნობილში, ხოლო მეორე პირველად მოდიოდა. ერთერთისთვის დამჭირდა ჩემი კიეველი მეგობრის სერგეის დახმარება, რათა მას გაეკეთებინა მოწვევა, თავდაპირველად სწორედ ის უნდა ყოფილიყო ჩვენი გამყოლი ჩერნობილში, თუმცა ბოლოს უარი გვითხრა, ვინაიდან თანხის სანაცვლოდ სხვა ჯგუფი წაიყვანა. უკრაინა-რუსეთის ურთიერთობებიდან გამომდინარე ცოტა შეშინებულები იყვნენ, თუმცა მათ იქ ყოფნისას პრობლემები არ ჰქონიათ.

ბელარუსში ყოფნის დროს, ჩემი მეგობარი კირილი, რომელიც წინა წელს პრიპიატში გავიცანი, აპირებდა ჩვენთან ერთად წამოსვლას და რადგან გამოცდილი სტალკერი იყო, ვთხოვე გამყოლი ყოფილიყო, კირილი დათანხმდა, თუმცა ბოლო დღეს გაირკვა, რომ მას საბუთებში პრობლემები ჰქონდა და უკრაინაში არ შეუშვეს. ეს ინფორმაცია ჩემთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, ვინაიდან გამგზავრებამდე 24 საათი რჩებოდა. ისე მოხდა, რომ წინა დღეს ჩვენი გუნდით სტუმრად წავედით ერთ-ერთ სტალკერთან, სახელად მაქსი, რომელიც იმავე დღეს აპირებდა თავის გუნდთან ჩერნობილში წასვლას. როდესაც მოვუყევი ეს ამბავი, მითხრა, რომ სიამოვნებით დამეხმარებოდა და შემთავაზა ერთობლივად წავსულიყავით, რაზეც მე დავთანხმდი და დიდი მადლობელი ვარ დღემდე ამის გამო. იმ დღეს ჩვენ გვიანობამდე ვსვამდით, სუფრა იყო მართლაც სამეფო, იყო უკრაინული კერძები და სასმელი. სუფრას შევუმატე ქართული ღვინო და ჩურჩხელები, რომლებიც თბილისიდან ჩავიტანე. გათენდა დილა, ნაბახუსევებს მოგვიწია კიევში დაბრუნება, იქ შევხვდით ეგორს, რომელიც 3 საათი გველოდა გაჩერებაზე, ლაშქრობამდე რჩებოდა 12 საათი და სახლში დაბრუნებისთანავე ჩამოვწერეთ საყიდლების სია. სულ ვიყავით ორი 4 კაციანი ჯგუფი. წინა წელთან შედარებით, წელს ბევრად მომზადებული ვიყავი, წინა ლაშქრობიდან დამრჩა მხოლოდ ჩანთა, დანარჩენი ყველაფერი ახალი ჩავიტანე თბილისიდან. ესენი იყო : ახალი სამხედრო ფორმა და ფეხსაცმელი, ფლოსტები და ახალი ფოტოაპარატი Nikon D7200 ფართოკუთხედი ლინზით Sigma 8-16 mm. თბილი ტანსაცმელი მე თითქმის არ წამიღია რადგან სექტემბერში უკრაინაში ჯერ კიდევ ცხელა. წელს ისევ ჩემი საყვარელი რადიომეტრი Припять РКС 20.03 მიკვლევდა გზის სისუფთავეს. მიუხედავად იმისა, რომ წინა წელს იგი 150 მეტრიანი რადიოლოკაციური ანძიდან „დუგა“-დან ჩამოვარდა და ნახევარი წელი მის შეკეთებას მოვუნდი, იდეალურად მუშაობდა.


დღე X. საზღვრის კვეთა და პირველ ლოკაციამდე მისვლა


წყლის ფილტრი "აკვაფორი"

წყლის ფილტრი “აკვაფორი”

ლაშქრობამდე სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო გვრჩებოდა. პირველი, რაც უნდა მეყიდა იყო წყლის ფილტრი „აკვაფორი“, რომელიც 200 გრივნა (16 ლარი) ღირდა. იქვე მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში ვიყიდე პატარა ზურგჩანთა, რომელშიც სამომავლოდ ძვირადღირებული ნივთები უნდა გადმომელაგებინა, რადგან არსებული თბილისში დამრჩა. ასევე დამრჩა ე.წ. „ბახილები“, რომლებითაც დატბორილ სარდაფში უნდა მევლო. ბაზრობის მერე ჩვენ წავედით ქალაქის მეორე მხარეს, რათა გვეყიდა სამხედრო ,,პარალონები“ და მე უნდა მეყიდა ახალი მზის სათვალე. მივადექით ისევ pancer.com.ua-ს ძალიან მაგარი მილიტარისტული მაღაზიაა, უკვე მეორედ ვყიდულობ მანდ სამხედრო აღჭურვილობას და ფასდაკლების ბარათის მაქვს. გამყიდველმა მიცნო და ოპერატიულად მოგვემსახურა. 

ლაშქრობამდე რჩებოდა 6 საათი, დაღლილებმა მივადექით საოჯახო სამზარეულოს ქსელს „პუზატა ხატა“, იქ 9 ლარშიმოგვივიდა ბორშის დიდი პორცია, კიევური კატლეტი, პიურე და კომპოტი. შემდეგ ნაყიდი ნივთები სახლში დავალაგეთ და წავედით სუპერმარკეტში. იქ უნდა გვეყიდა საჭმელი, სასმელი, პირადი ჰიგიენის ნივთები და მედიკამენტები, პირველად ცხოვრებაში მომიწია 4 კაციან ჯგუფზე ათ დღიანი ლაშქრობისთვის გამეთვალა საკვების რაოდენობა და წინა წლის გამოცდილებიდან ვაყიდინე ყველას ორ-ორი ქილა ტუშონკა, ბრინჯი, წიწიბურა, სგუშონკა და სხვა. საბოლოო ჯამში იმაზე მეტი ვიყიდეთ ვიდრე ვჭამეთ, თუმცა ამაზე მოგვიანებით. სასმლიდან ყველამ ვიყიდეთ თითო ბოთლი ალკოჰოლი, ვისაც რა მოსწონდა. მე მახსოვს ვიყიდე ლიტრიანი ფინლანდია ხილის გემოთი და საქართველოდან ერთი ბოთლი ქინძმარაულიც მომქონდა. სახლში დაბრუნებულებმა ვიბინავეთ და ჩანთების ჩალაგება დავიწყეთ.

ლაშქრობამდე რჩებოდა 3 საათზე ნაკლები. საქმე იმაშია, რომ მაქსმა, ვისაც მეორე ჯგუფი მოყავდა გამოგვიძახა “სტალკერ ტაქსი”, ოღონდ წელს პირდაპირ სახლიდან, ჩერნობილის საზღვრამდე. ჩვენ უნდა გავსულიყავით ღამის 12 საათზე ხოლო მეორე ჯგუფი დილის 6 საათზე უნდა შესულიყო ჩერნობილის ზონაში. ბოლო ორი საათი იყო ყველაზე დამღლელი და ნერვიული. მიწევდა თითოეულ ჯგუფის წევრისათვის დახმარების გაწევა ჩანთის ჩალაგებაში. ჩემი ჩანთის ჩალაგება კი ბოლო მომენტში დავიწყე, მასში უნდა დატეულიყო ტანსაცმელი. საკვები, ფოტო-ვიდეო აღჭურვილობა თავისი ფაუვერ ბანკებით, სასმელი, მედიკამენტები, ფლოსტები, 4 ლიტრი წყალი და სხვა სალაშქრო აღჭურვილობა. არჩილს არ წამოუღია წითელი ფანარი და კატელოკი. ეგორს და დიმას პატარა ჩანთები ჰქონდათ და გარკვეული ნივთების გადალაგება ჩემი და არჩილის ჩანთაში მომიწია.

ზონის საზღვარი

ზონის საზღვარი

დადგა 3 სექტემბრის 12 საათი, მოვიდა მძღოლი, ჩვენ 15 წუთის დაგვიანებით ჩავჯექით მანქანაში, მივაწოდეთ თანხა 1300 გრივნა (130 ლარი ) და დავიძარით. გზაში სულ მარშრუტზე ვფიქრობდი. მეშინოდა, რადგან პირველ ლოკაციამდე სრორედ მე უნდა მიმეყვანა ჯგუფის ნახევარი. დაახლოებით 2 საათში მივედით ჩერნობილის საზღვართან. მანქანიდან გადმოვედით, მოვირგეთ ჩანთები და წავედით. გზა გადიოდა ბოლო და ნახევრად მიტოვებული სოფლის გავლით, მანდ ჩვენ უნდა გაგვევლო ფანრების გარეშე, რათა არ მიგვექცია ყურადღება. სიარულისას რამდენიმე ძაღლმა ყეფა დაიწყო, გული ყველას აგვიჩქარდა.

ღამის ბილიკი

ღამის ბილიკი

საქმე იმაშია, რომ ამ სოფელში ცხოვრობს ორი პოლიციელი, ვინც ზონის საზღვარს პერიოდულად ამოწმებს. გზაზე სულ ოთხი შუქ ანთებული სახლი დაგხვდა, მათთან გავლის დროს სუნთქვასაც ვაჩერებდით. სოფელი დასრულდა და გზა ხან ტყეში ხან ბარში გადიოდა, პერიოდულად ვიხედებოდი რუკაში და წინა წლის ლაშქრობიდან ვიხსენებდი გზას მდინარემდე „უჟ“. არჩილი საკმაოდ ნელა მოძრაობდა, ვფიქრობდი, რომ არასაკმარისი სინათლის ბრალი იყო.

მდინარე "უჟ"-ის გადასვლის პროვესი

მდინარე “უჟ”-ის გადასვლის პროვესი

როგორც იქნა მივადექით მდინარეს და მე როგორც გამოცდილი ადამიანი, ვინც ამ მარშრუტზე მეორედ იყო გავიხადე ტანსაცმელი და დავიწყე მდინარეში ბოდიალი, რათა მეპოვა ყველაზე დაბალი წყლის დონე. თავიდან ფეხებამდე ჩავარდი წყალში, შემდგომ დინებამ საკმაოდ შორს წამიღო და მე ვთხოვე ბიჭებს ფანარი აენთოთ, რათა მე შემძლებოდა გამერკვია რამდენად აცდენილი ვიყავი მათ ადგილმდებარეობას. დაახლოებით ნახევარი საათი დამჭირდა, სანამ ვიპოვიდი ადგილს, სადაც წყალი მკერდამდე იქნებოდა მდინარის მთელს სიგანეზე. მე დავეხმარე ჯგუფს ნივთების გადატანაში. ამასობაში საშინლად შემცივდა, უკვე დილის 4 საათი იყო და საკმაოდ ციოდა. ბიჭებს ვთხოვე გადასვლისთანავე აენთოთ ფანარი და მეც ავანთე, რათა მათ შეძლებოდათ ჩემი ბილიკის გაკონტროლება. ავიღე ჩემი ჩანთა და გადმოვედი მდინარის მეორე მხარეს. წყალში ჩავარდნა ნიშნავდა ლაშქრობის დასასრულს, რადგან მთელი აღჭურვილობა, ტექნიკა და საკვები ფაქტიურად გადასაგდები იქნებოდა. გავიმშრალე ტანი, ჩავიცვი, დავლიე ცოტა არაყი გასათბობად და გავაგრძელე სვლა.

ესე გამოიყურება ჩერნობილის ზონის მიწები მზის ამოსვლამდე

ესე გამოიყურება ჩერნობილის ზონის მიწები მზის ამოსვლამდე

წინ ჩვენ 2 ნახევრად ჩანგრეული ხიდი გველოდებოდა, მაგრამ წყალში ჩასვლა აღარ იყო საჭირო. არჩილი სულ უფრო და უფრო ნელა მოდიოდა, მას საკმაოდ მძიმე ჩანთა ჰქონდა, ამიტომ მისი ჩანთიდან ამოვიღე ორი 2 ლიტრიანი წყლით სავსე ბოთლი და დავდე ისინი ბალახში, თუმცა ჩანთის წონაზე ამან დიდად არ იმოქმედა. ძლიერი სინესტის გამო არჩილს სათვალეც ეორთქლებოდა. ამასობაში თენდებოდა და პირველ ლოკაციამდე მისვლის დროც სულ უფრო და უფრო ნაკლები რჩებოდა. მოკლედ დიდი წვალების მერე, დილის 8 საათზე ჩვენ მივაგენით მიტოვებულ ბოსელს, შევედით შიგნით და დავალაგეთ ჩანთები.

ნახევრად დანგრეული ხიდი

ნახევრად დანგრეული ხიდი

მე ამოვიღე რადიომეტრი და დავიწყე რადიაციის დონის შემოწმება. ფონი 200 დან 500 მიკრო რენტგენამდე საათში მერყეობდა, ჩვენ დაუყონებლივ შევიცვალეთ ლოკაცია და ერთერთ გვერდით მყოფ ბოსელში დავბინავდით. მანდ ფონი ნორმების ფარგლებში იყო, გამიკვირდა, ვინაიდან წინა ლაშქრობის დროს, ეს ტერიტორია მთლიანად სუფთა იყო რადიაციისგან. ოთახში მოვთავსდით, ცოტა დავლიეთ და ვჭამეთ. მზიანი ამინდი იყო, ჭიკჭიკებდნენ ჩიტები და იდგა უმაგრესი ტყის სურნელი, იყო იდეალური სიჩუმე, არანაირი ზედმეტი ხმა არ აწუხებდა ჩემს ყურებს.

მიტოვებული კოლმეურნეობა და ჩვენი დასაძინებელი ადგილი

მიტოვებული კოლმეურნეობა და ჩვენი დასაძინებელი ადგილი


დღე 1. ჯგუფების შეხვედრა და შემდეგ ლოკაციაზე გადაადგილება


იყო დილის 11 საათი და ჩვენი ძილი შეწყვიტა მეორე ჯგუფის წამოძახებამ: „ჰეი, გეყოთ ძილი!“. თავიდან ჩერნობილის ზონის დაცვა მეგონა, თუმცა მალევე ვიცანი ვინც გაგვაღვიძა. ავდექით, ვისაუზმეთ და გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი გადაადგილების შესახებ და დავიწყეთ აბარგება.

დილის შეკრება

დილის შეკრება

გადაადგილების დროს ვიღებდით სურათებს და ბლოგისთვის პერიოდულად რამეს ვყვებოდი კამერაზე. გზის უმეტესი ნაწილი იყო ჩემთვის ნაცნობი ადგილები და ხედები. თავს ვგრძნობდი სასიამოვნოდ და მოდუნებულად. გზაში შევჩერდით სასაფლაოზე და შემდეგ ავტობუსის გაჩერებაზე , რათა ცოტა დაგვესვენა.

სასაფლაო

სასაფლაო

ავტობუსის გაჩერება

ავტობუსის გაჩერება

კოღოები ივლისთან შედარებით დიდად არ მაწუხებდნენ. ჩვენ მალევე აღმოვჩნდით მოქმედ გზასთან, და წინა წელთან შედარებით წავედით არა ცენტრალური გზით, არამედ წრე დავარტყით და პრიპიატამდე გზა ერთერთი კარგად შენახული სოფლის გავლით დავგეგმეთ.

            სოფლის სახელს მე შეგნებულად არ დავასახელებ, არ მინდა მარშრუტის გასაჯაროება. რამდენიმე კილომეტრის შემდეგ ჩვენ აღმოვჩნდით დანიშნულების ადგილას. სოფელი X იყო ძალიან კარგად შენახული, იყო უამრავი სახლი და საჯარო დაწესებულებები.

მიტოვებული მაღაზია

მიტოვებული მაღაზია

ჩერნობილის დაცვა სოფელს იშვიათად ადგებოდა, ამიტომაც თავს არაფერში ვიზღუდავდით. შესვენების მიზნით შევედით სახლში, სადაც სტალკერები ხშირად ჩერდებოდნენ. ვინაიდან ამ სახლის არსებობაზე ძალიან ცოტა ხალხმა იცოდა, იგი საკამოდ კარგ მდგომარეობაში დაგვხდა.

ჩვენი სტალკერული სახლი

ჩვენი სტალკერული სახლი

იქ იყო მოწყობილი მაგიდა და რამდენმე საძილე ადგილი. გემრიელი სადილის მერე ჩვენ დავიწყეთ სოფელში ბოდიალი საყოფაცხოვრებო ნივთების მოსაძებნად. ვიპოვეთ დივანი, დიდი მაგიდა, სკამები და რამდენიმე ლოგინი. არსებული ავეჯი გავზომეთ რადიაციაზე, დავრწმუნდით რომ ის სუფთა იყო ამ კუთხით, გადავწმინდეთ და სახლში შევიტანეთ. რვავე კაცს სრულფასოვანი დასაძინებელი ადგილი გვქონდა. სახლი კარგად დავალაგეთ, შევაკეთეთ ფანჯრების რაფები და კარები. ამასობაში დაღამდა, გაიშალა სუფრა, მე და კატიამ დავიწყეთ საჭმლის მზადება.

ძირითადი კერძი

ძირითადი კერძი

მთავარი კერძი იყო მოხარშული ბრინჯი ტუშონკით, ხახვით და ქართული სანელებლებით. მარილის ყიდვა დაგვავიწყდა, ამიტომაც ათი დღის მანძილზე შედარებით ჯანსაღი საჭმელი გვქონდა. მოგვიანებით სუფრაზე ჩურჩხელებიც გამოჩნდა. იმ საღამოს მივიღე გადაწყვეტილება გამეხსნა ქინძმარაულის ბოთლი და აღმენიშნა ჩერნობილის ლაშქრობის წარმატებული დაწყება. უკრავდა მუსიკა, ყველა უზიარებდა ერთმანეთს საკუთარ სტალკერულ გამოცდილებას და იგეგმებოდა შემდეგი დღის განრიგი.

სუფრის შემდეგ ჩვენ ჩამოვკიდეთ სველი ტანსაცმელი სახლის შესასვლელთან და მოვემზადეთ დასაძინებლად. ფეხები წინა წელთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მქონდა, თუმცა ბრილიანტის მწვანე მაინც დამჭირდა. წელს ფეხზე მეცვა თურქული სამხედრო ბათინკი და სალაშქრო წინდები, ხოლო პატარა მანძილებზე ფლოსტებით დავდიოდი.

საძილე ტომარაში მოთავსების შემდეგ მალევე დავიძინე. მეძინა მკვდარივით და ეს იყო პირველი ღამე, როდესაც მართლაც გამოვიძინე, საქმე იმაშია, რომ ლაშქრობამდე ერთი კვირა პრაქტიკულად არ მეძინა, ვინაიდან უამრავი ადგილის ნახვა იყოს საჭირო მცირე დროის მონაკვეთში. არჩილს ეტყობოდა გამოცდილების ნაკლებობა და დაღლილობა. ბევრი ფიქრის მერე მოვახდინეთ მისი ზურგჩანთის რევიზია და გადავწყვიტეთ მისი ბარგის გარკვეული ნაწილის ამ სახლში დატოვება და უკანა გზაზე ამ ნივთების წამოღება. ჩანთის წონა ათამდე კილოგრამით შემცირდა.


დღე 2. გზა პრიპიატამდე და შემდგომი დაბინავება


შემდეგ დილას ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ წყლის მარაგი გაგვითავდა. საქმე იმაშია, რომ იყო სიცხე და წყლის მოპოვება ამ სოფელში იყო საკმაოდ პრობლემური. ჯგუფის ერთმა წევრმა გვითხა, რომ იცოდა სად შეიძლებოდა წყლის მოპოვება და ასევე გვითხრა,რომ გზაში უამრავ საინტერესო ლოკაციასაც ვნახავდით. ბოთლებით და ფოტოტექნიკით აღჭურვილებმა ჩვენ გავედით სოფლის მეორე ბოლოში. შუაში გადიოდა მოქმედი საავტომობილო გზა. გავჩერდით, დავრწმუნდით რომ იქ არავინ არ მოძრაობდა და გადავედით მეორე მხარეს. გზასთან ახლოს იყო ორ სართულიანი შენობა, ჰგავდა კულტურის სახლს ან სკოლას.

მოქმედი საავტომობილო გზა

მოქმედი საავტომობილო გზა

შენობა იყო საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში და დიდად არ დამაინტერესა. გვერდით იყო განთავსებული საბავშვო ბაღი, რომელიც უფრო საინტერესო იყო და უფრო კარგად შენახული, მოშორებით იყო კოლმეურნეობა, რომელიც მე თავიდან სამხედრო ნაწილად მომეჩვენა.

მიტოვებული სკოლა

მიტოვებული სკოლა

მანდ იდგა მიტოვებული ელევატორი, ზუსტად ისეთი, „S.T.A.L.K.E.R.“-ის თამაშში რომელიც არის. იქვე ახლოს იყო ბეტონის პატარა ოთხკუთხედი რეზერვუარები, სადაც წვიმის წყალი იყო დაგროვებული. ეს წყალი თითქმის მთლიანად გამოვიყენეთ. გვეყო ვახშამზეც და გზაშიც პრიპიატამდე. პრობლემა იყო ის, რომ წყალში იყო დიდი ნაწილაკები, რომლებმაც ფილტრი გაგვიჭედეს და მოგვიწია ფილტრის ამორეცხვა სანამ მას თავიდან გამოვიყენებდით.

მიტოვებული ელევატორი

მიტოვებული ელევატორი

ნოყიერი ვახშმის შემდეგ ჩვენ დავიძარით პრიპიატისკენ,  თითქმის მთელი მარშრუტი ვიარეთ საავტომობილო გზაზე. ერთ-ერთ გზაგასაყარზე ჩვენ გადმოვედით გზიდან და ტყეში დავლაგდით. საქმე იმაშია, რომ გვერდით იყო მოქმედი ობიექტი, ბირთვული საწვავის ნარჩენების შემნახველი და ნებისმიერ დროს იქ შეიძლებოდა გამოჩენილიყო მანქანა. დიდი კომპანიებით სიარულის დროს მანქანის დაფიქსირება და რეაგირება საკმაოდ ძნელია. დაველოდეთ დაბნელებას. მიწა, რომელზეც ვიჯექით 100 მიკრო რენტგენამდე საათში ასხივებდა.

10 კილომეტრიანი ზონის კარიბჭე

10 კილომეტრიანი ზონის კარიბჭე

დადებითი იყო ის, რომ ამ მოქმედი ობიექტის თავზე იდგა ფიჭური კავშირის ანძა და 3G ინტერნეტიც კარგად იჭედა. დაბნელების მოლოდინში ჩვენ ჩავუჯექით სოციალურ ქსელებს. ამასობაში დაღამდა და მანქანის ფარების შუქს შორიდან უპრობლემოდ ვხედავდით. გზა იყო საკმაოდ ბნელი და მოსაწყენი. მთვარე არ ანათებდა და სიარულისას თვალები დამეთხარა რასაც ჰქვია. შიმშილის გრძნობის მოსაშორებლად ვიყენებდი საწუწნ კამფეტს ან სიგარეტს. პრიპიატთან არმისული გამოჩნდა ელექტრო გადამცემი ხაზი და მისგან ხელმარჯვნივ ჩანდა ჩერნობილის ატომური სადგურიც.

გზაზე ფონი 200 დან 300 მიკრო რენტგენამდე საათში მერყეობდა, ნაპირებზე მეტიც იყო. გზაში არცერთი მანქანა არ შეგვხვდა. საქმე იმაშია, რომ ეს გზა არ არის მთავარი, ეს გახლავთ შემოვლითი გზა და სტალკერები ამ გზით უფრო მშვიდობიანად სარგებლობენ. პატარა შესვენების შემდეგ განვაგრძეთ სვლა და მალევე ქალაქში აღმოვჩნდით.

პრიპიატი ღამით

პრიპიატი ღამით

ხეების სიმრავლის გამო შენობები არ ჩანდა, თუმცა ქალაქის სუნი ეგრევე ვიცანი, მისი დავიწყება შეუძლებელია. ფოთლოვანი ტყის, დაღვრილი სამანქანო ზეთის და ნესტიანი სარდაფების სუნის ნარევია, რომელიც რატომღაც ძალიან მომწონდა. ქალაქში შესვლისთანავე მივესალმე პრიპიატს და თავში წინა წლის ლაშქრობის მოგონებებმა ქარიშხალივით ჩამიქროლა.

სტალკერების შეხვედრა

სტალკერების შეხვედრა

ქალაქში შესვლისას ჩვენ დაგვხვდა ერთი ჯგუფი, რომლებიც ჯერ პოლიციელები გვეგონა და დავემალეთ, თუმცა ვაი ამ დამალვას :D. ჯგუფი ბრუნდებოდა დიდ მიწაზე, გაციების და ერთ-ერთი წევრის მაღალი სიცხის გამო. მათთან ერთად ცოტა ხანი ვიდექით, გავეცანით, ვისაუბრეთ, დავლიეთ ,,იაგერმეისტერი“ და რამდენიმე სურათიც გადავიღეთ. ღამის 2 თუ 3 საათი იყო, საშინლად მეძინებოდა და ფეხებიც საშინლად მტკიოდა. მაზოლები არ მქონდა, მაგრამ ბრტყელტერფიანობა მაინც თავისას შვრებოდა. 35 კილომეტრი 15 კილოგრამიანი ზურგჩანთით საკმაოდ ძნელი გამოწვევაა ჩემთვის. სამხედრო ფეხსაცმელი ზურგჩანთაში მქონდა და გზა გავიარე პლაჟის ფლოსტებით, სამხედრო ბათინკით ამდენს ვერ გავივლიდი. ჩვენი გეგმა იყო შემდეგი: უნდა გავჩერებულიყავით დროებით რომელიმე ბინაში, შემდგომ გვეპოვა ახალი ბინა, რომელიც წინასწარ გვქონდა შერჩეული,მოგვეწყო ავეჯით, გაგვეწმინდა და გადმოვსახლებულიყავით.

მალევე ვიპოვეთ სტალკერული ბინა, რომელიც სხვა ჯგუფმა სულ ერთი დღის წინ დატოვა. დაგვხვდა ვაშლები, წყალი უამრავი ბოთლი და რაც მთავარია სისუფთავე. პატარა შესვენების მერე ჩვენ გავიყავით სამ ჯგუფად: პირველი იცავდა ჩვენს ნივთებს და საჭმელს ამზადებდა, მეორე ეძებდა ჩვენს მომავალ საცხოვრებელ ბინას ხოლო მესამე ჯგუფი, რომელშიც მე ვიყავი წავედით წყლის მოსატანად. წელს წყლით ვმარაგდებოდით ქარხანა იუპიტერის მილების კოლექტორიდან. სხვა წყაროებთან შედარებით ის ბევრად უფრო სუფთა იყო. ასევე მანდ ჩვენ დაგვხვდა წინასწარ შეკვეთილი საჭმელი და დასალევი.

– დიახ! ეს შესაძლებელია, საჭირო კავშირების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ მანდ საჭმელი და პრინციპში ნებისმიერი ნივთი, ფულს წინასწარ ბარათზე ურიცხავ პიროვნებას და ის მოდის და მალავს შენს ამანათს გარკვეულ ადგილებში და გიგზავნის სურათს სადაც უნდა მიხვიდე. ბუნებრივია სხვა სტალკერებმაც შეიძლება მიაგნონ შენს ამანათს, თუმცა ეს ძალიან დიდი იშვიათობაა.

მიტანაში სულ რაღაც 200 გრივნა (20 ლარი) ემატება. აღარ არის საჭირო ამდენი საჭმლის თრევა და ტყუილად დაღლა. მინდოდა წელს პრიპიატში ხინკლის გაკეთება, ფარშიც გავამზადე, ფქვილიც წამოვიღე, მაგრამ სამწუხაროდ ფარშმა 3 დღიან ტრანსპორტირებას ვერ გაუძლო. საჭმლით და წყლით სავსე ზურგჩანთებით დავიძარით ახალი ბინისკენ. თუმცა მანდ ვერავინ ვნახეთ, მოგვიწია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის შემოვლა და გადამოწმება. ღამით ქალაქში უამრავი მძარცველია, ერთ-ერთმა დაჯგუფებამ სადღაც ძალიან ახლოს ჩამოაგდო ლიფტი და ქალაქში საშინელი ბრახუნი გაისმა.

დაღლილებმა გადავწყვიტეთ დროებით ბინაზე ასვლა. ბინაში სიურპრიზი დაგვხვდა. ერთ-ერთმა ჯგუფმა ის ახალი ბინა იპოვა და შინ დაბრუნდა იმის მაგივრად, რომ იქ გადმოეტანა ჩვენი ნივთები. ბევრი გარჩევების მერე გადავწყვიტეთ ამ ბინაში დაგვეძინა და ხვალიდან ახალ საცხოვრებელზე გვეფიქრა. ძილის წინ რამდენიმე ბუტერბროდი ვჭამე და ზედ დავაყოლე ლუდი, ხოლო რამდენიმე წუთში უკვე მეძინა

 


დღე 3. პრიპიატის მონახულება და საცხოვრებლის მოწყობა


დილით, ნუ რაღა დილით კაი დღის 2 საათი იყო. ავდექით, მოვამზადეთ საჭმელი. ისევ ბრინჯი და ტუშონკა. დავლიეთ ყავა, დავალაგეთ ბინა და დავიწყეთ გადმობარგება ახალ ბინაში. ბინის მისამართს, მიკრო-რაიონს და ქუჩას შეგნებულად არ ვიძახი. ახალ საცხოვრებელში კაპიტალური დალაგება მოვაწყეთ, გავიტანეთ ნაგავი, შევაკეთეთ ფანჯრები და დავიწყეთ ავეჯის გადაზიდვა სხვა კოპრუსებიდან და ბინებიდან. მოვიტანეთ სამი დივანი და ერთი ლოგინი, ორი მაგიდა, ტუმბო და სერვანტი. ბინა გავალამაზეთ დროშებით, სტიკერებით და ჩვენი ჯგუფების სხვადსხვა ატრიბუტიკით. კედლებზე დავტოვეთ წარწერები „დავჩექინდით“ რასაც ქვია. პირველ საღამოს შემოვიარეთ უბნის სხვადასხვა ბინები და ეზოები.

კარგად შენახული ავეჯი

კარგად შენახული ავეჯი

ჩვენი ბინა პრიპიატში

ჩვენი ბინა პრიპიატში

მიტოვებული სატელეფონო ჯიხური

მიტოვებული სატელეფონო ჯიხური

მიტოვებული ბინა

მიტოვებული ბინა

კორპუსის სადარბაზო

კორპუსის სადარბაზო

სიმეტრია

სიმეტრია

ფანჯრიდან დანახული ქალაქი

ფანჯრიდან დანახული ქალაქი

შემდეგ სახლში დავბრუნდით და დიდი სუფრა გავშალეთ. სტუმრად მოვიდა ერთ-ერთი სტალკერი და მწერალი კირილ სტეპანეცი, ისეთი წიგნების ავტორი როგორებიცაა: „ჩერნობილის ზონა სტალკერების თვალით“ და „ჩვენგან დამალული კიევი“. მას ახლდა ორი უცხოელი ტურისტი, ბიჭი და გოგო. ბიჭი ბრიტანეთიდან იყო, გოგო თუ არ ვცდები რუმინეთიდან. ისინი პირველად აღმოჩნდნენ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში და ჩერნობილში. ჩვენი ყოფა მათთვის საკმაოდ ეგზოტიკური იყო. ბიჭს ფეხი ამოუბრუნდა გზაში და სიარული უჭირდა. ძალიან მაგარი დრო გავატარეთ, ბევრი ვისაუბრეთ და ვიხალისეთ. მეორე დღეს დილით ადრე ავდექით და წავედით ქალაქის დასათვალიერებლად.

მე და კირილ სტეპანეცი

მე და კირილ სტეპანეცი

გამანათებელ ბოძზე ჩამოკიდებული აირწინაღი          წელს პოლიცია და ექსკურსიები ერთი საათით ადრე შემოდიოდნენ ქალაქში და ვინაიდან იყო შემოდგომა, თენდებოდა გვიან და ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვრჩებოდა ქალაქის სანახავად. პირველი ადგილი სადაც გავედით იყო ქალაქის ცენტრალური მოედანი და ატრაქციონების პარკი. წელს მე ეს ადგილები უკეთესად გადავიღე და უფრო ბევრი ინფორმაციაც მოვყევი, ასევე მოვახერხე და ვიკატავე მიტოვებულ კარუსელზეც. შემდეგ ჩვენ წავედით სტადიონზე, რომელიც მდებარეობდა მე-5 მიკრო რაიონში.

გამანათებელ ბოძზე ჩამოკიდებული აირწინაღი

გამანათებელ ბოძზე ჩამოკიდებული აირწინაღი

ცენტრალური მოედნის კოლონადა

ცენტრალური მოედნის კოლონადა

ცნობილი ეშმაკის ბორბალი

ცნობილი ეშმაკის ბორბალი

კარუსელი. სხვათაშორის ტრიალებს დღემდე

კარუსელი. სხვათაშორის ტრიალებს დღემდე

საქანელები

საქანელები

ავტოდრომი

ავტოდრომი

სტადიონის ტრიბუნები (წინა ლაშქრობის დროს ფოტოზე ასახულ გამანათბელ ანძაზეც ავედით)

სტადიონის ტრიბუნები (წინა ლაშქრობის დროს ფოტოზე ასახულ გამანათბელ ანძაზეც ავედით)

          სტადიონის ტრიბუნები წელს უკეთესად გადავიღე და ვიდეოშიც ვახსენე. სტადიონიდან ჩვენ მოვიარეთ მე-4 და მე-5 მიკრორაიონები. ჩემთვის ყველა ეს ადგილი იყო უკვე კარგად ნაცნობი და თავს საკმაოდ თამამად ვგრძნობდი. მე-5 მიკრორაიონის ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოსთან ვიპოვე საფერავის ბოთლი, რომელიც იქ წინა წელს დავტოვე კორპუსის ერთერთ ბინაში, ზუსტ მისამართს ასევე არ დავასახელებ. იქვე ვნახეთ ერთ-ერთი სტალკერული ბინა, რომელიც წლების მანძილზე იყო საუკეთესოდ მოწყობილი და მის არსებობაზე პრაქტიკულად არავინ იცოდა.

მე-5 მიკრო რაიონის საცხოვრებელი კორპუსი

მე-5 მიკრო რაიონის საცხოვრებელი კორპუსი

სტალკერების ბინა

სტალკერების ბინა

შემდეგი ლოკაცია იყო საცურაო აუზი „ლაზურნი“, რომლის მონახულება წინა წელს ვერ შევძელი შიგნით მყოფი უამრავი ავი ძაღლის გამო. ჩვენ შევედით ფოიეში, შემდეგ ავედით მეორე სართულზე და აღმოვჩნდით სპორტულ დარბაზში. დარბაზიდან გადავინაცვლეთ უკვე აუზის სივრცეში. დანახულისგან გული ამიჩქარდა, ვინაიდან ამ ობიექტის ნახვა ყველაზე მეტად მინდოდა. უამრავ ფილმში და კლიპში ფიგურირებდა ეს აუზი.

საცურაო აუზი „ლაზურნი“

საცურაო აუზი „ლაზურნი“

საცურაო აუზი „ლაზურნი“

საცურაო აუზი „ლაზურნი“

იქ ყოფნის დროს მე მოვიარე და გადავიღე ამ შენობის პრაქტიკულად ყველა კუთხე, მათ შორის გადმოსახტომიც. კონსტრუქციულად აუზის შენობა იყო საკმაოდ ტიპიური, უბრალოდ ცოტა გალამაზებული და გათანამედროვებული. მსგავსი შენობა არის გლდანში, ასევე გახლავთ მიტოვებული საცურაო აუზი და მხოლოდ ექსტერიერით და ალბათ საცუარაო აუზის პავილიონის ფანჯრებში თუ იპოვით სხვაობას და სხვათა შორის ისინი სულ 7 წლის დაყოვნებით მიატოვეს 2000 და 2007 წლებში. აუზზე ასევე შევხვდით კირილს და მის ტურისტებს. მალევე შენობა დავუტოვეთ აუზის ლეგალურ ტურისტებს. გასასვლელში დამხვდა გაუხსნელი მინერალური წყლის ბოთლი, ალბათ გუშინდელ ტურისტებს დარჩათ. სუფთა წყალზე არც მე ვთქვი უარი და იგი სიამოვნებით დავლიე. აუზის მერე დავბრუნდით სახლში, ვჭამეთ და დავიძინეთ.

გაღვიძებისას წამიყვანეს მიტოვებულ საბავშვო ბაღების დასათვალიერებლად. პირველი საბავშვო ბაღი იყო „ტერემოკი“. ბაღში უამრავი სათამაშო და საბავშვო საწოლი ეყარა. წლების მანძილზე სტალკერებმა და ტურისტებმა სათამაშოებიდან მთელი მხატვრული ინსტალაციები ააგეს.

საბავშვო ბაღი ტერემოკი

საბავშვო ბაღი ტერემოკი

          საბავშვო ბაღის ეზოში იყო მოწყობილი რამდენიმე სათამაშო მოედანი, რომლებიც 33 წლის მანძილზე ტყით დაიფარა და მხოლოდ სათამაშო თვითმფრინავი დგას ამაყად ამ ჯუნგლების ფონზე.

თბითმფრინავი საბავშვო ბაღის ეზოში

თბითმფრინავი საბავშვო ბაღის ეზოში

            შემდეგი ლოკაცია იყო ცნობილი საბავშვო ბაღი „ოქროს გასაღები“ რომელიც ასევე არაერთ ფილმში და Pink Floyd – Marooned კლიპშიც იყო გამოჩენილი. ბაღის შენობა უარეს მდგომარეობაში იყო ვიდრე „ტერემოკი“. ეტყობოდა სახურავის დაზიანება. შიგნით იყო უამრავი დაჟანგებული ლოგინი და გისოსები. პინკ ფლოიდის ,,Marooned“ კლიპი გამახსენდა ეგრევე. ფონი ორივე საბავშვო ბაღის ეზოში 120 მიკრო რენტგენი საათში ფარგლებში იყო.

საბავშვო ბაღი „ოქროს გასაღები“

საბავშვო ბაღი „ოქროს გასაღები“

რადიაციული ფონი ბაგა-ბაღის ეზოში

რადიაციული ფონი ბაგა-ბაღის ეზოში

              საბავშვო ბაღების მერე ჩვენ დავათვალიერეთ ბავშვთა პოლიკლინიკა და პროფილაკტორიუმი. აქ მე პირველად ვნახე შშმ პირებისთვის მოწყობილი საცურაო აუზი. შენობის ნაწილი საკმაოდ მოწყენილად მომეჩვენა. მისი ფანჯრები გამოდიოდა 16 სართულიანი კორპუსის ეზოში. ეს ის ცნობილი 16 სართულიანი კოპრუსია, რომლის სახურავზე საბჭოთა კავშირის გერბი იყო დამონტაჟებული და სადაც წინა წელს მზის ამოსვლას ვხვდებოდი. სამწუხაროდ ვიდეო ამ საბავშვო ბაღებზე და პოლიკლინიკაზე არ გადამიღია, ვინაიდან კამერა დავტოვე სახლში დასატენად. სამაგიეროდ უამრავი ლამაზი სურათი გადავიღე.

შშმ პირებისთვის მოწყობილი საცურაო აუზი

შშმ პირებისთვის მოწყობილი საცურაო აუზი

           საკმაოდ პროდუქტიული დღის მერე დავბრუნდით სახლში. იქ კიდევ ერთი სტალკერი გვესტუმრა, უამრავი რამ მოგვიყვა ჩვენს სამომავლო მარშრუტზე და მარცხენა სანაპიროს ერთერთ სოფელში შეხვედრას გვთავაზობდა. სუფრის მერე მე ცოტა ხნით ავედი სახურავზე და ქალაქის ხედებიც გადავიღე. სახურავიდან ჩანდა ატომური სადგური, რომელთანაც დგას კიდევ ერთი ფიჭური კავშირის ანძა. სოციალურ ქსელებში რამდენიმე საათიანი ძრომიალის შემდეგ ბინაში დავბრუნდი.

          ბინაში იდგა უკვე არც თუ ისე სასიამოვნო სუნი. ნუ ეს ბუნებრივია, ვინაიდან რადიაქტიულ ტბაში ბანაობა არავის გვინდოდა. არავის გვეძინებოდა და გადავწყვიტეთ გავსულიყავით ქალაქში. ღამის პრიპიატი არის საკმაოდ ლამაზი და ამასთან ერთად უამრავ საფრთხეს შეიცავს. საკომუნიკაციო კოლექტორების ჭების ხუფები დიდი ხანია ჩააბარეს ჯართში, ამიტომაც სიარულის დროს უმეტესად უნდა უყუროთ ფეხქვეშ, რათა არ ჩავარდეთ მანდ და კიდურები არ მოიტეხოთ. მრავალსართულიანი სახლები, რომლებშიც 33 წლის სიცოცხლის კერა მოკვდა, იდუმალად ყველა ქუჩიდან გიყურებენ.ღამის სიბნელიდან უამრავი ცხოველის ხმები ისმოდა, ხოლო ცენტრალურ მოედანზე ქარის გამო ატრაქციონების პარკში საქანელები მოძრაობდნენ და საშინელ ხმებს გამოსცემდნენ. ეშმაკის ბორბალი დიდებულად დგას პარკის შუაში და უნდა რომ დატრიალდეს, მაგრამ თითქოს რაღაც უშლის ხელს.

ქალაქის ცენტრში ჩვენ გადავიღეთ რამდენიმე სურათი და გავაგრძელეთ ჩვენი სვლა საცეკვაო მოედნის მხარეს. ამ ადგილზე მე არაფერი მქონდა გაგონილი, მივდიოდით ტყით, გარშემო რამდენიმე ძაღლი ყეფდა და რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით კი შუქი ენთო. საცეკვაო მოედანზე ჯგუფის ყველაზე აწყვეტილმა წევრებმა ჩართეს მუსიკა, ფანრები და დაიწეს ცეკვა 90-იანი წლების მუსიკაზე. მსგავს ღონისძიებებში არასდროს მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ როდის მომეცემოდა კიდევ საშუალება მეცეკვა პრიპიატში და რა თქმა უნდა შევუერთდი.

             ამ საქციელის გამო დაჭერის რისკი ძალიან მაღალი იყო, თუმცა გაგვიმართლა. საცეკვაო მოედნიდან გადავინაცვლეთ პრიპიატის 126-ე საავადმყოფოში, რომელშიც მოათავსეს ავარიის დროს პირველი დაზარალებულები. წინა წლის მონაყოლში უფრო დეტალურად მაქვს აღწერილი ეს ადგილი და ვისაც დაგაინტერესებთ შეგიძლიათ წაიკითხოთ, შემდეგ ბმულზე. იქ, ვინც პირველად იყო შევიდა შიგნით გადასაღებად, ხოლო მეორე ჯგუფი ეხმარებოდა სხვა წევრებს და ბრიტანელს ამ საავადმყოფოს სარდაფში ჩასასვლელად. წინა წელს საავადმყოფოს შენობა და სარდაფის შესასვლელი მე მოვლილი და გადაღებული მქონდა, ამიტომაც გარეთ დავრჩი, გადავიღე ვიდეო თუ როგორ ფონავდა მეხანძრის ფორმის ნაგლეჯი და გადავინაცვლე სარდაფის ჩასასვლელისკენ. ფორმის ნაგლეჯის ფონი 20000 მიკრო რენტგენს საათში  სცდებოდა. ჩემი რადიომეტრის მაქსიმალური ჩვენება არის სწორედ 20000 მრ/ს და ამ მაჩვენებელზე თუ მეტი იყო ფონი ის უბრალოდ ერთიანს წერდა. სარდაფის ჩასასვლელი ამოვსებული იყო ქვიშით და მოგვიწია მანდ ალტერნატიული გზის მოძებნა, რომელიც რათქმაუნდა ვიპოვეთ. გარეთ საავადმყოფოსთან რადიაციული ფონი 400 მიკრო რენტგენამდე საათში იყო. გავიკეთე რესპირატორი, რათა სარდაფიდან გამოსული მტვერით არ მესუნთქა და ვეცადე მოშორებით ვმდგარიყავი. საქმე იმაშია, რომ ამ სარდაფში ჩაყარეს მეხანძრეების ფორმები, რომლებშიც ისინი იყვნენ ატომურ სადგურზე ხანძრის ჩაქრობის დროს და რადიაციული ფონი მანდ ასობით ათას მიკრო რენტგენს საათში აღწევდა. ასევე მანდ იყო რადიაქტიური მტვერი, რომლის ჩასუნთქვა საკმაოდ საზიანო იყო ჯანმრთელობისთვის. ბუნებრივია იქ ჩასვლის სურვილი მე არ მქონდა, მაგრამ სარდაფის ვიდეო კადრები მჭირდებოდა ბლოგისთვის და შევთავაზე ბრიტანელს ჩემი კამერა მის სხეულზე დამემაგრებინა და უკვე ის გადაიღებდა ამ სარდაფის კადრებს. აღნიშნულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მადლობის ნიშნად მას გადავეცი ჩემი კამერით გადაღებული კადრები. საქმე იმაშია, რომ ბრიტანელმა ჩამოიტანა სარდაფში ჩასვლისთვის საჭირო ყველანაირი აღჭურვილობა. მან ჩაიცვა ერთჯერადი კომბინიზონი, დამცავი სათვალე, რესპირატორი, ბახილები და ხელთათმანები.მე თავზე დავუმაგრე ჩემი კამერა, რომელსაც მტვრისგან დასაცავად საკვების შესანახი პოლიეთილენის ფირი გადავაკარი. მისმა გამყოლმა მისცა რაცია და რადიომეტრი. ჩვენი ჯგუფის ორმა წევრმა ჩაიცვა უკვე ნახმარი დამცავი აღჭურვილობა და ჩახტნენ სარდაფში, ჩემი რადიომეტრი ასევე დამცავი ფირით შევფუთე და გავატანე. მათ საქციელს ნეგატიური შეფასება მოყვა ჩემი მხრიდან, ვინაიდან საკმაოდ საზიანო რამეს აკეთებდნენ თავისი ჯანმრთელობისთვის და შემდგომში ჩვენთვისაც. დადგა სიჩუმე, ბიჭების ფანრები სარდაფის ფანჯარაში აღარ ანათებდა, დრო მაგრად იწელებოდა. მე დავტოვე საავადმყოფოს ეზო და სიგარეტს მოვუკიდე. რამდენიმე წუთი ვუსმენდი სიჩუმეს და ვტკბებოდი ჩამქრალი შენობების კონტურების ხედით ვარსკვლავებიანი ცის ფონზე. რამდენიმე წუთში დავბრუნდი სარდაფის ამოსასვლელთან. ფანჯრიდან ჯერ ხმები გაისმა, შემდეგ ფანრების შუქიც გამოჩნდა. პირველი ამოვიდა ბრიტანელი, შემდეგ ჩვენი ჯგუფის წევრები. ჩვენ დავეხმარეთ მათ დამცავი აღჭურვილობის გახდაში და დავყარეთ ის ყველაფერი შესასვლელთან. მანდ წლების მანძილზე კი დაგროვდა ეგ კომბინიზონები და სხვა ნივთები. ჯგუფის ერთერთ წევს თვალები ეწვოდა, რაც ბუნებრივია რადიაციის დიდი დოზის მიღების შემდეგ. ბრიტანელი იდგა გაოგნებული და შეშინებული, ხელები და ხმა უკანკალებდა, რომ ვკითხე თუ რა ნახა, მიპასუხა, რომ ნახა ხელუხლებელი ისტორიის ნაწილი. საავადმყოფოს ტერიტორია მალევე დავტოვეთ და გადავინაცვლეთ კაფე პრიპიატში. წინა წელს ვიყავი მის მახლობლად, თუმცა კაფეს შენობა არ გადამიღია. წელსაც სიბნელეში ვიყავით და კაფის დარბაზის მონახულების შემდეგ ღამით განათებული ვიტრაჟის სურათის გადაღება გადავწყვიტე.

კაფე პრიპიატის შუშაბანდი

კაფე პრიპიატის შუშაბანდი

ფართოკუთხედი ლინზა ამის საშუალებას უპრობლემოდ მაძლევდა. ვთხოვე ჯგუფის რამდენიმე წევს გასულიყვნენ გარეთ და ფანრებით გაენათებინათ ეს შუშის ვიტრაჟი. მეორე ცდიდან გამომივიდა არაჩვეულებრივი და ლამაზი სურათი. ვისაც გადაღება დაეზარათ ინანეს, რომ ეგეთი კადრის გადაღება გამოტოვეს. კაფეს შემდეგ კვლავ სანაპიროზე გავედით. მანდ ცოტა ხანი ვიდექით და კირილმა რამდენიმე „ცხელი წერტილი“ გვაჩვენა. საავადმყოფოს მერე სანაპირო იყო ქალაქის ერთერთი ყველაზე რადიაქტიური ადგილი და ფონი 600 მიკრო რენტგენს საათში აღწევდა. ხოლო კიბეებზე საერთოდ სცდებოდა ჩემი რადიომეტრის ჩვენებების დიაპაზონს. როდესაც აღმოვჩნდით რადიაციისგან სუფთა ადგილას, ერთმანეთი დეტალურად გავზომეთ რადიაციულ ფონზე და როდესაც დავრწმუნდით, რომ „სუფთა“ ვიყავით მივედით ბინაში. რამდენიმე ბიჭი კვლავ გავიდა ქარხანა „იუპიტერი“-სკენ და მოიტანეს შეკვეთილი საჭმელი და სასმელი წყალი. „სამეფო“ ვახშმის მერე ჩვენ ეგრევე დავიძინეთ.


დღე 4. ახალი ადგილები, ჯგუფის დაშლა და მარცხენა სანაპიროზე გზა


            რამდენიმე საათში დიმამ გამაღვიძა და ჩვენ წავედით ქარხანა იუპიტერის სარდაფის მოსანახულებლად. წინა წელს ქარხანა ბოლომდე მოვიარე, მაგრამ სარდაფში ბახილების არქონის გამო არ ჩავსულვარ. სხვათა შორის წელსაც დამავიწყდა ბახილები, მაგრამ ბევრი ძებნის შემდებ მაინც ვიპოვე ვიღაცის გადამალული ახალი ბახილები და ჩავედი სარდაფში. ცოტა ხანში დიმა და ვიტალი შემომიერთდნენ. ქარხნის სარდაფი სულაც არ იყო სარდაფი, იგი იყო უზარმაზარი მიწისქვეშა ბირთვული თავშესაფარი, რომელშიც ასევე უამრავი ლაბორატორია იყო მოწყობილი ავარიის შემდგომ პერიოდში. სარდაფი დაახლოებით 30-50 სანტიმეტრით იყო დატბორილი. წყალი იყო შავი ფერის და იდგა საშინელი სინესტე. შიგნით ტრიალებდა ქიმიკატების, სინესტის და დაღვრილი სამანქანო ზეთის სუნი. გადავაადგილდებოდით კუს ნაბიჯებით, რათა არ დაგვეზიანებინა ბახილები, თუმცა ეს მაინც მოვახერხეთ. დრო რომ არ დაგვეკარგა მე ვიღებდი ვიდეოს და დიმა სურათებს და დაბრუნებისთანავე ეს ინფორმაცია გავცვალეთ. მე შევძელი რამდენიმე ლაბორატორიის და სათავსოს ნახვა.

თავშესაფარში ჩასასვლელის აღმნიშვნელი წარწერა

თავშესაფარში ჩასასვლელის აღმნიშვნელი წარწერა

იუპიტერის თავშესაფრის ერთერთი ჩასასვლელი

იუპიტერის თავშესაფრის ერთერთი ჩასასვლელი

თავშესაფრის დერეფანი

თავშესაფრის დერეფანი

ერთერთი ლაბორატორია

ერთერთი ლაბორატორია

ჰაერის ფილტრაციის ოთახი

ჰაერის ფილტრაციის ოთახი

             ჩემი მთავარი მიზანი იყო მეპოვა ორი ქვიშით სავსე ყუთი, რომლებიდანაც ძალიან მაღალი რადიაცია გამოდიოდა. რადიომეტრის მეშვეობით და სხვა ბლოგერების ვიდეოების წყალობით მე ის ყუთები მალევე ვიპოვე და გადავიღე. ყუთებთან სულ 10-15 წამი გავატარე და წამოვედი უკან. ერთ ბახილში უკვე იგრძნობოდა წყალი და დავიძარი გასასვლელისკენ, რა თქმა უნდა გასასვლელი ეგრევე ვერ ვიპოვე და მომიწია რამდენიმე წუთი ბოდიალი, სანამ მას ვიპოვიდი. თავშესაფარს ჰქონდა ხუთზე მეტი გასასვლელი და იქიდან მხოლოდ ერთი თუ ორი იყო ღია. თავშესაფრიდან ამოსვლისთანავე გავიხადე ბახილები და გამიხარდა ის, რომ ფეხი არც თუ ისე მქონდა დასველებული.
რადიაქტიული ქვიშით სავსე ყუთები

რადიაქტიული ქვიშით სავსე ყუთები

                 ფეხსაცმლის სისველე დაუშვებელი იყო, რადგან მეორე დღეს დიდი გზა გველოდებოდა. ჩვენ დავიძარით სახლისკენ და გზაში გადავიღეთ ღამის ქალაქის რამდენიმე ხედი. იუპიტერზე ღამით ხშირად დადიან მეტალის მძარცველები და ეგ მომენტი გვიმატებდა სისხლში ადრენალინის შემცველობას. სახლში მოსვლისთანავე მოვაწესრიგე და გავიტანე გასაშრობად დასველებული ბათინკი და დავიძინე. სულ რაღაც ორ საათში გათენდა და ჩვენ წავედით ქალაქის ბოლოს ე.წ. „ფუდზიამაზე“

 

16 სართულიანი კორპუსი, სახელწოდებით ფუდზიამა

16 სართულიანი კორპუსი, სახელწოდებით ფუდზიამა

 

იგივე პროექტის კორპუსი, კიევის ერთერთ გარეუბანში

იგივე პროექტის კორპუსი, კიევის ერთერთ გარეუბანში

ობიექტი წარმოადგენდა 16 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რომლის ანალოგი უკრაინაში მრავლად არის აშენებული და ერთ-ერთში ვიყავი მეგობართან სტუმრად და ვნახე თუ როგორი იყო ეს შენობა, ავარია, რომ არ მომხდარიყო. შენობის სახურავიდან ჩანდა მთელი ქალაქი, ქარხანა და ატომური სადგური. ჩვენ გადავიღეთ მანდ უამრავი სურათი და Timelaps-ი. სახურავი მალევე დავტოვეთ, რათა ჩერნობილის ზონს დაცვას არ ვენახეთ. ამის შემდეგ ჯგუფი ორად დაიშალა. ერთი ნაწილი დაიძრა კიევისკენ, ხოლო მეორე ნაწილმა მოგზაურობა გავაგრძელეთ. მაქსი, არჩილი, კირილი და მისი ტურისტები მივიდნენ წინასწარ დათქმულ ადგილას და მანქანით დატოვეს ჩერნობილის ზონა. 50 კილომეტრიანი მონაკვეთი სულ რაღაც 1 საათში დაფარეს. არჩილის კიევში დაბრუნება ერთობლივად იყო გადაწყვეტილი მისივე უსაფრთხოებისთვის და პოლიციის დაჭერის რისკის შემცირების მიზნით. საქმე იმაშია რომ ჩვენ ვაპირებდით გავსულიყავით ე.წ. მარცხენა სანაპიროზე, სადაც საკმაოდ შორი და ძნელი გზა იყო გასავლელი. ჩვენგან იქ ჯერ არავინ იყო ნამყოფი და რისკებიც დიდი იყო. არჩილის პრიპიატში დატოვებაც არ იყო კარგი აზრი, ვინაიდან მას არ ჰქონდა საჭირო გამოცდილება იქ დამოუკიდებლად ყოფნის.

16 სართულიანი კორპუსის სახურავიდან ჩანს მთელი ქალაქი და სადგური

16 სართულიანი კორპუსის სახურავიდან ჩანს მთელი ქალაქი და სადგური

ქალაქის მეორე შესასვლელის ქვასვეტი

ქალაქის მეორე შესასვლელის ქვასვეტი

           სახლში დაბრუნებისთანავე დავიძინეთ, გვჭირდებოდა ძალების აღდგენა. დიდი მსვლელობის წინ. გამოძინებულმა ვჭამეთ, ავიბარგეთ, დავალაგეთ ბინა და მოვიმარაგეთ წყალი. მოგვიანებით შევხვდით სტალკერების კიდევ ერთ ჯგუფს, მათი გამყოლი ჩემი მეგობარი იყო. შეხვედრა მოვაწყეთ უცხო ბინაში, რათა ჩვენი ბინა არ გაგვესაჯაროებინა. ბიჭებმა დაგვარიგეს მარშრუტი, რომელიც ჩვენ რუკაზე მოვინიშნეთ. ასევე გავცვალეთ ბრინჯი და წიწიბურა სიგარეტში. სიგარეტს წლებია არ ვეწევი, თუმცა ჩერნობილში ეგ კარგი გამოსავალია შიმშილის გრძნობის დაქვეითების და უბრალოდ ლამაზი ხედების ნახვის დროს დამატებით სიამოვნების მისაღებად. ცოტა ხანში კატიამაც დაგვტოვა. ის ოფიციალურ ექსკურსიას შეერია და მათთან ერთად დატოვა ჩერნობილის ზონა.

სტალკერების ჯგუფთან შეხვედრა

სტალკერების ჯგუფთან შეხვედრა

ერთერთი მიტოვებული კორპუსი

ერთერთი მიტოვებული კორპუსი

ჩვენ უკვე მზად ვიყავით ქალაქი დაგვეტოვებინა, რა მომენტშიც ჩერნობილის ზონაში მომუშავე ერთერთმა ჩვენმა მეგობარმა შეგვატყობინა, რომ ქალაქის პოლიცია სტალკერების ერთ-ერთ ჯგუფის კვალს დაადგა და მათი ძებნით იყვნენ დაკავებული. ეს იმას ნიშნავდა, რომ სახლიდან გასვლა არ იყო უსაფრთხო. ქალაქში ოთხი ეკიპაჟი პატრულირებდა და პოლიციელები 16 სართულიანი კორპუსების სახურავებიდან აკვირდებოდნენ ყველა გადაადგილებას. რამდენიმე წუთში ბინა დავტოვეთ და გადავინაცვლეთ კორპუსის სხვენში. სავენტილაციო ფანჯრებიდან კარგად ჩანდა სახურავებზე პოლიციელების აქტივობა, მაგრამ სხვენი მალევე დავტოვეთ მაღალი რადიაციული ფონის გამო და ლიფტის სამანქანო დარბაზში დავსხედით.

         პერიოდულად ტელეფონით ხელში ავდიოდით სახურავის კიბეზე, რათა ინტერნეტით შეგვეტყო ახალი ამბები. სიტუაცია საღამომდე იყო დაძაბული და როგორც კი დაბნელდა ჩვენ ოთხკაციანი ჯგუფით დავიძარით ქვიშის პლატოსკენ. მანდ უნდა აშენებულიყო პრიპიატის მე-6 მიკრო რაიონი, თუმცა ავარიის დროს მისი მშენებლობა შეწყდა და საძირკველებისთვის ამოთხრილი სივრცეები რადიაციით დაბინძურებული ნივთებით აავსეს და ზემოდან დიდი რაოდენობით ქვიშა დააყარეს. პლატოზე რადიაციის დონე 500 მიკრო რენტგენს საათში აღწევდა მთელი გზის მანძილზე. პლატოზე ხეები პრაქტიკულად არ იყო და ატომური სადგურის გამნათებელი პროჟექტორების შუქი გზას გვინათებდა. ამინდი უარესდებოდა, იყო ქარი და წვიმაც ნელა ნელა იწყებოდა. მთელი გზა პრაქტიკულად გაუჩერებლად გავედით. პირველად ვნახე ატომური სადგური სხვა კუთხიდან და გავოცდი მისი მასშტაბურობით. ხელის გულზე ჩანდა სამივე რაექტორი და უზარმაზარი თაღით გადაფარებული მეოთხე აფეთქებული ბლოკი.
რადიაქტიული პლატო

რადიაქტიული პლატო

რამდენიმე საათში ჩვენ მივედით მიტოვებულ პორტში, სადაც რამდენიმე უზარმაზარი მიტოვებული საპორტო ამწე იდგა. რადიაციული ფონი მანდ ოდნავ ნაკლები იყო –  200 მიკრო რენტგენი საათში. კრანებთან ცოტა შევისვენეთ და ვჭამეთ. მანდვე გამითავდა ჩურჩხელების მარაგი და მთელი დანარჩენი გზა შიმშილს საწუწნი კამფეტებით ვაქვეითებდი. ჭამის შემდეგ ამწეებს რამდენიმე სურათი გადავუღეთ ღამის ცის ფონზე ისინი გამოიყურებოდნენ, როგორც უცხოპლანეტელების მიერ წარმოებული ტექნოგენური მონსტრები. ამწეებზე თურმე იყო ჩიტების უზარმაზარი ბუდეები და პატარა ხმაურზეც კი იქიდან ფრთების ფრიალის ხმა მოდიოდა, რაც საკმაოდ ეპიკური და არაჩვეულებრივი იყო.

            ჩვენ დავტოვეთ საპორტო ამწეების ტერიტორია და დავიძარით მდინარე პრიპიატზე განთავსებული მოქმედი სარკინიგზო ხიდის მიმართულებით. მალევე, პლატო პატარა აღმართით დამთავრდა და ჩვენ ამოვედით რკინიგზის ლიანდაგებზე. ლიანდაგიდან იშლებოდა არაჩვეულებრივი ხედი ჩერნობილის ატომურ სადგურზე, რომელზეც უსასრულოდ შემეძლო მეყურებინა. მატარებელი უკვე არ დადიოდა, მისი განრიგი ჩვენ წინასწარ ვნახეთ ინტერნეტში. საქმე იმაშია, რომ ჩერნობილის სადგურიდან 50 კილომეტრში მდებარეობს ქალაქი სლავუტიჩი, რომელიც საგანგებოდ აშენდა სადგურზე აფეთქებიდან სულ რაღაც 2 წელიწადში და მასში გადაასახლეს ჩერნობილის ზონის მაცხოვრებლების გარკვეული ნაწილი. ამ ქალაქის შესახებ იხილეთ ჩემი ბლოგი, რომელიც ცალკე ამ ქალაქს მივუძღვენი. სლავუტიჩიდან ატომურ სადგურამდე ყოველდღიურად დადიან მატარებლები, რომლებსაც ატომურ სადგურზე მომუშავე თანამშრომლები დაჰყავთ. მისი ბოლო რეისი ცხრის ოც წუთზე შესრულდა, ხოლო ჩვენ მის ლიანდაგზე 9 საათზე აღმოვჩნდით და შეგვეძლო იმდენი გვევლო რამდენიც მოგვესურვებოდა დილის 6 საათამდე.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური

             ჩვენი მთავარი ამოცანა იყო სემიხოდის ხიდზე გადასვლა. სტალკერებისთვის ეს ხიდი არის ყველაზე უსაფრთხო გადაადგილების გზა მდინარე პრიპიატის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს შორის. მისი სიგრძე დაახლოებით 700 მეტრია და ის შედგება 7 თაღოვანი რკინის კონსტრუქციისგან. სწორედ ამ ხიდზე დადის სადგურიდან წამოსული მატარებელი. ხიდზე გადასვლისას დაიწყო წვიმა და გადაადგილება იყო საკმაოდ ძნელი, ვინაიდან ფეხი მის კონსტრუქციებზე გადაადგილების დროს საშინლად სრიალებდა. რაც უფრო შორს მივდიოდით მით უფრო ძლიერდებოდა წვიმა და მით უფრო ნაკლებად გვინათებდა გზას ატომური სადგურის გამნათებელი პროჟექტორები. ხიდზე გადასვლისას ჩვენ შევისვენეთ და ჩავედით მდინარესთან რათა აგვევსო სასმელი წყალი.

მარცხენა სანაპიროზე სასმელი წყლის პოვნა საკმაოდ პრობლემური იყო. წყლის ავსების შემდეგ ჩვენ გავყევით რკინიგზას სოფელ „ზიმოვიშე“-ს გადასახვევამდე. გზა იყო საკამოდ ძნელი, ფეხი სულ სრიალებდა დაყრილ კენჭებზე და სიბნელე არ მაძლევდა საშუალებას დამენახა გზის ძნელი რელიეფი. უეცრად ღამის პეიზაჟი დაარღვია მოციმციმე შუქმა, რომელიც ჩერნობილის ზონის თანამშრომლის ფანარი გვეგონა. გავშეშდით და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ მასთან მიახლოება, რათა გაგვეგო თუ რა იყო ის. მოციმციმე შუქი სინამდვილეში რკინიგზის გადასასვლელის აღმოჩნდა. სოფელ „კრასნო“-დან სოფელ „ზიმოვიშე“-ში გზას სწორედ ეს ლიანდაგი ყოფდა. საკმაოდ ეპიკურია და უჩვეულო მსგავსი რამის ნახვა ჩერნობილის მიწებზე. ლიანდაგიდან გადავუხვიეთ სოფელ „ზიმოვიშე“-ს მიმართულებით და მალევე შევედით სოფლის ცენტრში.

რკინიგზის გადასასვლელის მოქმედი შუქურა

რკინიგზის გადასასვლელის მოქმედი შუქურა

          დაღლილებმა და დასველებულებმა მივაგენით ერთ-ერთ სახლს და იქ დავალაგეთ მძიმე ზურგჩანთები. სახლში ჩანთებთან ერთად დავტოვეთ ვიტალი და ეგორი, ხოლო მე და დიმა წავედით უკეთესი დასაძინებელი ადგილის მოსაძებნად. საშინლად მეძინებოდა და ერთი სული მქონდა მეპოვა რამე ადგილი, სადაც უბრალოდ დავწვებოდი და თვალებს დავხუჭავდი. რამდენიმე ცდის შემდეგ ჩვენ ვიპოვეთ კარგად შენახული სახლი, სადაც იყო ოთხი ლოგინი, მაგიდა და შენახული იყო ფანჯრები და კარები. სახურავიც კარგ მდგომარეობაში იყო და წყალიც არ ჟონავდა. შენობა რადიაციაზე შევამოწმეთ. გარედან ქუჩაში ფონი იყო დაახლოებით 200 მიკრო რენტგენი საათში, ხოლო სახლში იგი 40-ს არ აღემატებოდა. სხვა სახლებთან შედარებით რადიაციის კუთხით ეს ყველაზე სუფთა ადგილი იყო. მოგვიანებით დავბრუნდით ბიჭებთან და ერთად გადმოვედით ახალ საცხოვრებელში. სოფელი საკმაოდ წყნარი და ნაკლებად საექსკურსიო იყო, ამიტომაც მივეცით თავს უფლება გვქონოდა მაქსიმალური განათება და მუსიკასაც ბოლო ხმაზე ვუსმენდით. დავიწყეთ საჭმლის მომზადება და წყლის გაფილტვრა. სამწუხაროდ ალკოჰოლი და შაქარიც გაგვითავდა და ვახშამი საკმაოდ უგემური გამოვიდა, თუმცა 15 კილომეტრიანი გზის გავლის შემდეგ ყველაფერი სიამოვნებით მივირთვი.

დღე 5. მარცხენა სანაპიროს სოფლები, უკანა გზა და დაცვისგან გაქცევა

               იმ ღამეს საკმაოდ ცუდად მეძინა, საძილე იყო ნესტიანი, ხოლო ლოგინი მოუხერხებელი. მახსოვს, საშინელი ყვირილის გამო გამეღვიძა. ოთახში კაცი ყვიროდა ისე, რომ მეგონა რაღაცა ფატალური ხდებოდა, შეშინებულმა ავიღე ბალიშის ქვეშ მოთავსებული დანა და ავანთე ფანარი. აღმოჩნდა, რომ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს კოშმარი დაესიზმრა და ამის გამო იცოდა ხოლმე ესე ყვირილი. ამის მერე, დილამდე დაძინება ვერ შევძელი. დილით, გარეთ ისევ წვიმდა.

დილა ყავით არ იწყება ))

დილა ყავით არ იწყება ))

საჭმლის და აბარგების მერე საკმაოდ ძნელი იყო პირველი ნაბიჯის გადადგმა მყუდრო სახლიდან წვიმიან ტყეში. დავიწყეთ სოფლის მეურნეობის დათვალიერება. ფერმის ტერიტორიაზე უამრავი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ეყარა. მათ შორის ცნობილი კომბაინი „Нива СК-5“. მოგვიანებით გადავინაცვლეთ მიტოვებული მარცვლეულის ელევატორთან.

კომბაინი „Нива СК-5“

კომბაინი „Нива СК-5“

მიტოვებული ელევატორი

მიტოვებული ელევატორი

 

რა თქმა უნდა კამერით ხელში იგი მთლიანად მოვიარე. კოლმეურნეობის ტერიტორიაზე რადიაციის დონე 100-150 მიკრო რენტგენს საათში შეადგენდა. მეურნეობის მონახულების შემდეგ ჩვენ წამოვედით სოფელ „კრასნო“-ში. უკანა გზაზე კვლავ დაგვხვდა ის რკინიგზის გადასასვლელი, თუმცა დღის შუქზე იგი სულაც არ გამოიყურებოდა საშინლად. გზაჯვარედინის გავლის შემდეგ მალევე გავიგეთ მატარებლის ხმა და ბუჩქებში დავიმალეთ. ამინდი თანდათან გამოდიოდა და რამდენიმე საათში უკვე მზის სხივები გვათბობდა. გარშემო იყო ულამაზესი ტყე, დარბოდა უამრავი მელა.

             მოასფალტებული გზა საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო და სიარულის დროს სულ ვუყურებდით წინ და უკან, რათა რამე საექსკურსიო მიკროავტობუსს არ ჩაევლო. სოფელი დაიწყო გზის ნიშნულიდან და სულ რამდენიმე ასეულ მეტრში ალაგ-ალაგ გვხვდებოდა საცხოვრებელი სახლები. გზაზე ასევე შეგვხვდა ავტონომიური რადიაციული ფონის მზომი ლაბორატორია (АСКРО), რომელშიც რაღაც ზუზუნებდა. კარებზე ბოქლომი არ იყო, თუმცა მისი გაღებისგან თვი შევიკავეთ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა სტალკერების მონაყოლიდან ვიცოდით, რომ იქ იყო როზეტი სადაც შევძლებდით ტელეფონის ან სხვა რამე მოწყობილობის დატენვას, რადგან ვშიშობდით, რომ იქ შეიძლებოდა სიგნალიზაცია ყოფილიყო.

სოფელი "კრასნო"-ს დასაწყისი

სოფელი “კრასნო”-ს დასაწყისი

სამამულო ომში დაღუპულების მემორიალი

სამამულო ომში დაღუპულების მემორიალი

სასოფლო კლუბი

სასოფლო კლუბი

            სოფელში სიარულის დროს მოვინახულეთ უამრავი ძალიან კარგად შენახული საცხოვრებელი სახლი და დაწესებულება. საქმე იმაშია, რომ მარცხენა სანაპიროს სოფლები არის საკმაოდ ძნელად მისადგომი, რის გამოც სტალკერების უმეტესი ნაწილი აქ არ დადის. ამიტომაც ყველაფერი მეტ-ნაკლებად კარგად შენახული დარჩა. ჩვენ მოვინახულეთ სოფლის კლუბი, სადაც უამრავი საბჭოთა სიმბოლიკის მქონე ნივთი იდო. შემდეგ მოვინახულეთ ფოსტისა და შემნახველი სალაროს შენობა. იგი მთლიანად ხისგან იყო აშენებული. მასში ეყარა უამრავი ღია ბარათი და საფოსტო დოკუმენტაცია. ერთ-ერთ ოთახში იყო უამრავი სეიფი, სადაც თავის დროზე ფული და საბუთები ინახებოდა. რა თქმა უნდა აღარაფერი დარჩა დღესდღეობით ამ სეიფებში. კედელზე ეკიდა ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა გააგზავნო წერილი სხვა ქალაქში ან ქვეყანაში.
შემნახველი სალარო და ფოსტა

შემნახველი სალარო და ფოსტა

                აღსანიშნავია ის, რომ სანიმუშო წერილის მიმღების მისამართი იყო შემდეგი: ქ. თბილისი 88, შ. რუსთაველის გამზირი 10, ბინა 20; ჭაბუკიანი გიორგი ირაკლის ძე. გამიხარდა მსგავსი წარწერის ნახვა და სურათიც გადავუღე. თბილისში დაბრუნებისთანავე მოვძებნე აღნიშნული მისამართი და ის პირველი კლასიკური გიმნაზია აღმოჩნდა.

            სოფლის მთავარი ღირსშესანიშნაობა კი იყო უზარმაზარი ხის ტაძარი, რომელიც ახალივით გამოიყურებოდა. მასში პერიოდულად მსახურებაც ტარდებოდა. ძალიან ძნელია იმ ემოციების გადმოცემა, რომლებიც მანდ შესვლის დროს განვიცადე. ტაძარი იყო ძალიან კარგად მოვლილი და კოხტა. საქართველოში მსგავსი ხის ნაგებობა არსად მინახია. ნებისმიერი ხმა შიგნით სხვანაირად ჟღერდა და იდგა უცნობი სურნელი. ტაძარში საკმაოდ თავმდაბლად ვიქცეოდით. გადავიღეთ უამრავი სურათი და ჩავიწერე რამდენიმე ვიდეოც. ტაძარში იდო შესაწირი ყუთი, რომელშიც ყველა მომსვლელი დებდა ფულს.

არც ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და ყველამ ვისაც რამდენი გვქონდა, იმდენი შევწირეთ ამ უმშვენიერეს ტაძარს. სწორედ ამ ფულით, ადგილობრივი მღვდლები ამ შენობის იერსახეს ინარჩუნებენ წლების მანძილზე. მეორე მაგიდაზე იდო საჭმელი და იყო წარწერა, სადაც ეწერა: პატივცემულო სტალკერო, აიღე რაც გაკლია და დადე რაც გაქვს ზედმეტი. ჩვენ სწორად ისე მოვიქეცით, ავიღეთ: პაშტეტი, შაქარი, თევზის კონსერვები და დავტოვეთ: ტუშონკა, მაკარონი, წიწიბურა და ორი ჩურჩხელა. ჩურჩხელების პარკს მივაწერე, თუ რა იყო ის და საიდან. წინა ლაშქრობაშიც ანალოგიურად მოვიქეცი, თუმცა პოლონელებს ჩურჩხელა რატომღაც სანთელი ეგონათ.

             ახლოვდებოდა საღამო და დავიძარით უკან. ავიბარგეთ, ვჭამეთ და დავტოვეთ ტაძარი. ყველაფერი ისე დავტოვეთ, როგორც იყო ჩვენამდე. სანამ დადგებოდა საღამო მინდოდა გადამეღო სურათები, სადაც მქონდა დაწერილი მოკითხვები ჩემთვის ახლო ადამიანებისთვის. ისინი მქონდა რაღაც ტექნიკურ ჟურნალში დაწერილი. ადგილიც მოფიქრებული მქონდა, უნდა ავსულიყავი სემიხოდების ხიდზე და უკანა ფონზე ატომური სადგური უნდა ყოფილიყო. ჩვენი გეგმები მეტყევეების მანქანამ ჩაგვიშალა. მარცხენა სანაპიროს ტერიტორიიდან, მხოლოდ ამ ხიდის მეშვეობით შეგვეძლო წავსულიყავით ან ჩავბარებულიყავით მესამე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, რომელიც არც თუ ისე ახლოს იყო. სოფელი „კრასნო“ კი მდებარეობდა ბელარუსის საზღვართან სულ რაღაც ორ კილომეტრში და მას ხშირად მესაზღვრეებიც ამოწმებდნენ. ჩვენ მივდიოდით პრიპიატის მიმართულებით, რა დროსაც ჩვენს წინ გამოჩნდა მანაქანა. საქმე იმაშია, რომ მივდიოდით ჩვენ ორ წყვილად და ერთმანეთისგან დაახლოებით 200 მეტრიანი დისტანცია გვეჭირა. ლაპარაკში გართულებმა ვერ შევამჩნიეთ მანქანის ფარების შუქი და ბუნებრივია მანქანიდანაც დაგვინახეს. დიდი ფიქრის გარეშე გადმოვხტით გზიდან ხევში და დავიმალეთ რაც შეიძლება კარგად, უახლოეს ბუჩქებში. მე გავიგონე როგორ ჩაგვიარა მანქანამ და ოდნავ მოშორებით გაჩერდა. გაისმა კარის გაღების ხმა. ვიგრძენი სისხლში ადრენალინის არნახული კონცენტრაცია. პირველი, რაც თავში მომივიდა გადმოვიღე ჯიბიდან წამოღებული მოკითხვების რვეული და ახლომდებარე ორმოში ჩავაგდე. მალევე გავიგეთ ადამიანების სიარულის ხმა და გზიდან ვიღაცის ყვირილი: გამოდით, თორე გესვრით! რა თქმა უნდა მის ბრძანებას არ დავემორჩილეთ, რადგან ახლობელმა სტალკერმა გაგვაფრთხილა, რომ არავინ სროლას არ დაიწყებდა და უბრალოდ გვაშინებდნენ. მე და ვიტალი შედარებით კარგ პოზიციაში გახლდით, რადგან ის უკრაინის, ხოლო მე საქართველოს მოქალაქე ვიყავი და ჯარიმის გარდა დიდად არაფერი საფრთხე არ გვემუქრებოდა. ეგორი და დიმა როგორც რუსეთის მოქალაქეები ბევრად უფრო შეშინებულები იყვნენ, რაც ბუნებრივია. ბევრი სიარულის შემდეგ მამაკაცები მანქანაში ჩასხდნენ და დაიძრნენ გაურკვეველი მიმართულებით. მხოლოდ ის გავიგე, რომ ვიღაცამ რაციაში პერიმეტრის განსაკუთრებული დაცვის ბრძანება გასცა.

                მანქანის ხმა კარგა ხანი აღარ ისმოდა, თუმცა ადგომას და გზაზე გამოსვლას არ ვჩქარობდით. დაახლოებით 15 წუთი მე და ვიტალი ვიწექით იმდენად ჩუმად, რომ ერთმანეთის სუნთქვაც გვესმოდა რამდენიმე მეტრის მოშორებით. მოგვიანებით გამოვედით გზაზე და როგორც კი დავრწმუნდით, რომ იქ აღარავინ იყო დავიწყეთ ეგორის და დიმას ძებნა, თუმცა წარუმატებლად. სანამ მარცხენა სანაპიროზე გადავიდოდით, დავთქვით რომ მსგავს სიტუაციაში, რაც არ უნდა მომხდარიყო, უნდა შევხვედრილიყავით რკინიგზელის ჯიხურში, რომელიც ხიდის დასაწყისში მდებარეობდა. მე და ვიტალი მანდ რკინიგზის მეორე მხარეს მდებარე ხევით წავედით, რათა გზაზე გამვლელ მანქანას არ დავენახეთ. ფონი მანდ რა თქმა უნდა ბევრად მეტი იყო ვიდრე საავტომობილო გზაზე. მოკლედ ბევრი ტანჯვის მერე მივედით რკინიგზელის ჯიხურთან და ჩანთები დავალაგეთ იატაკზე. ველოდებოდით დანარჩენებს, ხოლო მე ვამზადებდი კამერას გამვლელი მატარებლის გადასაღებად.

რკინიგზელის ჯიხური

რკინიგზელის ჯიხური

             მალევე ეგორი და დიმა მოვიდნენ და გაგვიზიარეს ემოციები. მატარებელმა ზუსტად განრიგის მიხედვით ჩაიარა და მისი ვიდეოც წარმატებით გადავიღე. იგი როგორც კი მხედველობის არეალიდან გაქრა ჩვენ გზა გავაგრძელეთ. ხიდის სიგრძე იწელებოდა და იწელებოდა უსასრულოდ. მორალურად ჩვენ ვიყავით მზად იმისათვის, რომ ხიდის ბოლოს ჩერნობილის ზონის დაცვა დაგხვდებოდა, თუმცა გაგვიმართლა. ხიდზე გადასვლისთანავე სადგურს რამდენიმე სურათი გადავუღეთ და გავაგრძელეთ სვლა. დროის და მანძილის ეკონომიის მიზნით ჩვენ სვლა განვაგრძეთ რკინიგზაზე, ქალაქში შეუსვლელად. სიმართლე გითხრათ ღამით ლიანდაგზე სიარული არ იყო კარგი იდეა, თან ბევრად უფრო დიდი რადიაციის დონე იყო რკინიგზაზე ვიდრე ქალაქში, 500 მიკრო რენტგენამდე საათში ადიოდა ფონი.
მიტოვებული რკინიგზა ატომურ სადგურთან ახლოს

მიტოვებული რკინიგზა ატომურ სადგურთან ახლოს

გარშემო ათობით ძაღლის ყეფის ხმები ისმოდა. ნელა-ნელა ვუახლოვდებოდით ატომურ ელექტროსადგურს. გარშემო ისმოდა მანქანების და უამრავი დანადგარის ხმაური. ისმოდა ხალხის ლაპარაკიც და ნებისმიერ უცხო ხმაურზე გული გვიჩერდებოდა ყველას. აღმოვჩნდით სადაგურ „სემიხოდები“-ს ერთერთ სათადარიგო სალიანდაგო ზოლზე. სადგურის ბაქანი ჩვენგან სულ რაღაც 50 მეტრში იყო, ხოლო ატომური სადგურის ახალი სარკოფაგი ხელის გულზე ჩანდა. სადგურიდან დაახლოებით 200-300 მეტრში ვიმყოფებოდით, თუმცა რადიაციის დონემ ამ ადგილას ბევრად იკლო. ახალი სარკოფაგი დიდებულად იყო აღმართული ჩვენგან ხელმარცხნივ. წარმოუდგენელია, თუ რამდენი შრომა იყო მის მშენებლობაში ჩადებული. ლიანდაგებზე უნდა გვევლო ისე, რომ კენჭების და ბუჩქების ხმა დიდად არ გავრცელებულიო ჩვენს გარშემო და არავის ყურადღება არ მიგვექცია. რკინიგზის შემდეგი მონაკვეთი მიტოვებული იყო და მანდ ვერაფერი შეგვიშლიდა ხელს გადაადგილებაში. გზაში რამდენიმე გზაჯვარედინი შეგვხვდა, სადაც მანქანებისგან ვიმალებოდით. ფეხები საშინლად მტკიოდა და წყალი მწყუროდა. წყლის ავსება მდინარეში რატომღაც დაგვავიწყდა. ლიანდაგებზე დიდი მანძილის გავლის შემდეგ ჩვენ აღმოვჩნდით ე.წ. სიკვდილის ხიდის ქვეშ. საქმე იმაშია, რომ 1986 წელს ავარიის დროს სწორედ ამ ხიდზე გამოვიდა ქალაქის მოსახლეობა, რათა ენახათ ავარიის შედეგი და ამასობაში სიცოცხლესთან შეუთავსებელი რადიაციის დოზა მიიღეს. ფონი 33 წლის შემდეგაც საკმაოდ მაღლი იყო და 1000 მიკრო რენტგენს საათში აღწევდა. აღნიშნულ ხიდზე ხშირად დგას პოლიცია და სტალკერებს, ვინც ქალაქში შედის ან გამოდის აკავებენ. ვიტალი ავიდა ზემოთ და ნახა სიტუაცია. როდესაც იგი დარწმუნდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, დაგვიძახა და ჩვენც ზემოდ ავედით. გზა გავაგრძელეთ ცენტრალური საავტომობილო გზით და მალევე აღმოვჩნდით უზარმაზარ გზაჯვარედინზე, სადაც გზა ოთხად იყოფოდა. პირველი განშტოება მიდიოდა პრიპატში, მეორე ატომურ სადგურზე, მესამე რადიოლოკაციურ სამხედრო ნაწილთან „ჩერნობილ 2“ და მეოთხე კიევში.

შუაში პრიპატის განშტოებასთან იდგა დიდი ქვასვეტი, სადაც დიდი ასოებით „ПРИПЯТЬ 1970“ეწერა. იგი მოაჯირით იყო შემოღობილი და მანდ უამრავი ყვავილი ელაგა. წელს როგორც იქნა ავისრულე ოცნება და ამ ქვასვეტთან გადავიღე სურათი. უცბად სიბნელეში დავინახე ჩვენკენ მომავალი მანქანის ფარები. ბიჭები გავაფრთხილე და დავიძარით გზის პირას. უახლოესი ხის ქვეშ დავიმალეთ. ჩვენ იმაში გაგვიმართლა, რომ ახლოს იყო ხე და ყველამ გაიგო ჩემი წამოძახება.

ქვასვეტი პრიპიატი

ქვასვეტი პრიპიატი

მანქანამ გაიარა გზაჯვარედინი და განაგრძო სვლა ატომური სადგურისკენ. ზოგადად ეს გზაჯვარედინი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საფრთხის შემცველ ადგილად, ვინაიდან დიდი ტერიტორიაა, სადაც დასამალი ადგილი პრაქტიკულად არაა და თან ორი საკონტროლო პუნქტის ფანჯრები სწორედ ამ ადგილს უყურებს. ჩვენ დავიძარით იმ გზით, რომელიც მიდიოდა „ჩერნობილ-2“-სკენ. ღამით აქ მოძრაობა არ იყო, თუმცა მაინც ფრთხილად ვიყავით და სულ ვიყურებოდით გზის ორივე მხარეს. ჩავიარეთ ღია გამანაწილებელი მოწყობილობა და კიდევ რამდენიმე მოქმედი ობიექტი. გზა საშინლად იწელებოდა. წყურვილის და ფეხის ტკივილის გრძნობა ძალიან მაფერხებდა და ჩემი სიარულის ტემპიც საგრძნობლად იკლებდა. რამდენიმე საათიანი სიარული შემდეგ ჩვენ აღმოვჩნდით სოფელში კოპაჩი. იგი იყო პატარა სოფელი კოლმეურნეობით, რომელიც ავარიის მერე მთლიანად დამარხეს. ჩვენ მივედით უკვე ნაცნობ ადგილას. ეს იყო მინდორში მდგარი მიტოვებული ტროლეიბუსი. ათობით ათასი სტალკერი ჩერდება აქ, რათა დაისვენოს და განაგრძოს სვლა ჩერნობილის ზონის შესასწავლად. ტროლეიბუსში წელს სისუფთავე დაგვხვდა. პირველი რაც მოვძებნე იყო წინა ლაშქრობიდაში კედელზე დატოვებული წარწერა, წელს მას ახალი თარიღი დავუმატე.

მიტოვებული ტროლეიბუსი

მიტოვებული ტროლეიბუსი

                 გზაში სერგეის ჯგუფი დაგვეწია და წყალიც მოგვაწოდა. დავლიე ტკივილგამაყუჩებელი და წყურვილის გრძნობაც დავამარცხე. რამდენიმე საათი შევისვენეთ და გავაგრძელეთ სვლა. გზაში პერიოდულად ვკამათობდით, თუ სად უნდა დავრჩენილიყავით და უნდა წამოგვეღო თუ არა არჩილის ნივთები. უკვე გვეტყობოდა დაღლილობა და სტრესიც ნელ-ნელა თავს იჩენდა ხოლმე. ტელეფონში ნავიგაცია არ მიმუშავებდა, ამიტომაც დიმას აიფონზე მიჯაჭვულები ვიყავით. გზა მარტივი და სწორი იყო. ცაზეც ვარსკვლავები ჩანდა. ჩვენ დავემშვიდობეთ სერგეის ჯგუფს და გავაგრძელეთ სვლა ჰაერსაწინააღმდეგო სამხედრო ნაწილის მიმართულებით. გზაში უცებ საშინელი წვიმა წამოვიდა ელჭექით. ღამით ტყეში დასველებულები გზას ავცდით. ტელეფონს პერიოდულად ვუყურებდით თუმცა ორიენტაცია მაინც გვიძნელდებოდა, მავთულხლართით შემოღობილ ტერიტორიაზე ბევრი წაქცეული ხე იყო, რაც გადაადგილებას კიდევ უფრო გვიძნელებდა. ეს იყო ერთადერთი დღე, როდესაც ამინდმა სერიოზულად შეგვაფერხა. სხვებთან შედარებით მე ეს ადგილი წინა წელს კარგად მქონდა მოვლილი და მეხსიერებიდან ნელ ნელა ჩნდებოდა კადრები წინა ლაშქრობიდან. ვეძებდი ხელოვნურ ამაღლებას, რომელშიც უნდა ყოფილიყო ანტისაჰაერო რაკეტების საცავი. ერთფეროვან ღამის ტყეში შემთხვევით წავაწყდი ტუმბოს, რომელზეც ლოსის რქები იდო. გამახსენდა, რომ ეს რქები საცავთან ახლოს იდგა და ეგრევე მივხვდი თუ სად უნდა წავსულიყავი. დავუძახე ბიჭებს და მალევე რაკეტების საცავის კარებს მივუახლოვდით. კოკისპირული წვიმის მერე შიგნით საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობდით თავს. ცენტრალურ დარბაზში იდო 5 ლიტრიანი წყლის ბოთლი და თხილით სავსე ცელოფნის პარკი. ალბათ ჩვენამდე რამდენიმე საათით ადრე აქ სხვა სტალკერები იყვნენ. წყალი გავფილტრეთ და თხილიც მივირთვით. კედლებზე წარწერებიც განვაახლე.

              საცავში დაძინება არ იყო კარგი აზრი, ვინაიდან მანდ რადიაციის დონე მომატებული იყო და გადავწყვიტე ჯგუფი წამეყვანა მიტოვებულ ყაზარმაში, რომელიც საცავთან ახლოს იყო. ყაზარმაში უმეტეს ოთახებში წყალი ჩამოდიოდა. ყველაზე მშრალი იყო იარაღის შესანახი ოთახი, რომელსაც გისოსებიანი კარებიც ჰქონდა. დავალაგეთ ნივთები და მე დავიწყე რადიაციული ფონის გაზომვა. რადიომეტრი დამისველდა და შენობაში არაადეკვატურ რადიაციის დონეს მიჩვენებდა. – ოჰ ეს საბჭოთა ტექნიკა! დაახლოებით ნახევარ საათიანი ბოდიალის შემდეგ ჩემი პრიპიატი მოვიდა გონზე და დაიწყო ადეკვატური მონაცემების ჩვენება. ოთხში, სადაც ჩვენ ვიყავით რადიაცია ნორმების ფარგლებში იყო. ჭამის თავი არავის გვქონდა და ეგრევე დავიძინეთ. გისოსებიანი კარები მავთულით დავკეტეთ, რათა ვინმე რომ მოსულიყო და ეჩალიჩა, ჩვენ გაღვიძებას მაინც მოვასწრებდით.


დღე 6. საჰაერო თავდაცვის ნაწილი «ვოლხოვი» და გზა კიევისკენ


მეორე დღეს გამოძინებულებმა და დასვენებულებმა მოვაწესრიგეთ ფეხები და ვისაუზმეთ. ფეხებს ყოველ 10-15 კილომეტრში ვასვენებდი და ბრილიანტის მწვანეს ვუსვამდი. ლაშქრობის ბოლოს ამას დავუმატე ტკივილგამაყუჩებლები, ვინაიდან ბრტყელტერფიანობის გამო ფეხები საშინლად მტკიოდა. სამხედრო თურქული ბათინკი და ტაქტიკური წინდები საკმაოდ კარგად მიცავდა მაზოლებისგან. დილიდან შესანიშნავი ამინდი იყო და ცაზე არცერთი ღრუბელი არ ჩანდა. ჩვენ გადავინაცვლეთ რაკეტების საცავში და მთელი მიმდებარე ტერიტორია ჩვენი სველი ტანსაცმლით და სხვა დასველებული ნივთებით დავიკავეთ. შემდგეგ სამხედრო ნაწილის ვიდეო მიმოხილვაც ჩავიწერე. რუკებზე ვეძებდით „სოფელ X“-მდე უმოკლეს გზას. სამწუხაროდ ეგორს უმთავრდებოდა შვებულება და „ჩერნობილ 2“ და „დუგაც“ ჩვენი მარშრუტიდან ამოვიღეთ, რათა მოგვესწრო არჩილის დატოვებული ნივთების კიევში წამოღება.

ანტისაჰაერო რაკეტების საცავი

ანტისაჰაერო რაკეტების საცავი

ყაზარმაში განთავსებული საბჭოთა სიმბოლიკა

ყაზარმაში განთავსებული საბჭოთა სიმბოლიკა

საცავის სათადარიგო გასასვლელი

საცავის სათადარიგო გასასვლელი

საცავის კარები ზემოდან

საცავის კარები ზემოდან

სამხედრო ნაწილი იყო საკმაოდ დიდი და მას იშვიათად თუ სტუმრობდა ვინმე. აქ საცავის და ყაზარმის გარდა იყო სასადილო, საქვაბე, ავტოფარეხი, ქვესადგური და 6 სარაკეტო გამშვები პოზიცია. ნაწილის დანიშნულება იყო ჩერნობილის ატომურ სადგურზე და „დუგაზე“ ამერიკელების მიერ ჩადენილ საჰაერო თავდასხმაზე კონტრშეტევის გაწევა.

ყაზარმა

ყაზარმა

 

სასადილო

სასადილო

 

ქვესადგური

ქვესადგური

ავარიის მერე ნაწილი რადიონუკლეიდებით დაბინძურდა და მიტოვებულ იქნა. ტერიტორიაზე იყო ჭა. არ ვიცი ადრეც იყო თუ მერე გააკეთა ვინმემ, მაგრამ მასში იყო ძალიან სუფთა, ცივი და გემრიელი წყალი, რომლის ფილტრაციაც კი არ იყო საჭირო. აღნიშნულ ტერიტორიაზე ეს იყო წყლის ერთადერთი წყარო, უახლოეს 15-20 კილომეტრის მანძილზე. სადილის მერე ჩავიცვით თბილი და მშრალი ტანსაცმელი და დავტოვეთ სამხედრო ნაწილის ტერიტორია. წავედით ტყით, სადაც 25 კილომეტრით ნაკლების გავლა გვიწევდა. ტყეში უამრავი წაქცეული ხე იყო და სიჩქარეში ვიჭედებოდით, სამაგიეროდ მანდ პოლიცია არ დადიოდა. გზაში პერიოდულად ცხენების ნაკვალევიც გვხდებოდა. თანდათან ბნელდებოდა და სულ უფრო და უფრო გვიძნელდებოდა გზა. გვიან ღამით ჩვენ გამოვედით საავტომობილო გზაზე სადღაც ბირთვული საწვავის ნარჩენების საცავთან და წავედით სოფელში X – ში. არავის უნდოდა მანდ ღამით დარჩენა, მაგრამ მე მეტს ვეღარ მივდიოდი. 25 კილომეტრი ნამეტანი აღმოჩნდა ჩემთვის იმ დღეს. ვიტალიმ გამიცვალა ჩანთები. მსუბუქი ჩანთით სიარულით ტემპს მოვუმატე. სოფელში X კვლავ დავბრუნდით ჩვენს მიერ მოწყობილ სახლში. ნივთები გასაშრობათ ჩამოვკიდეთ და ბათინკის მაგივრად კვლავ ფლოსტები ჩავიცვი. არჩილის ჩანთა ისევ იქ იდო, სადაც დავტოვეთ. სახლში ბონუსად პრიპიატიდან წამოსული სტალკერების საჭმელი დაგვხვდა. გაიშალა სამეფო სუფრა. ვიჯექით, ვუსმენდით მუსიკას და ვგეგმავდით სამომავლო გასვლას ქალაქ ლვოვში. ლვოვზეც აუცილებლად დავწერ ბლოგს, ძალიან მაგარი და საინტერესო მოგზაურობა გვქონდა იმ ქალაქში.

 


დღე 7. უკანა გზა და კიევში დაბრუნება


 

მეორე დღეს ლოგინიდან ბოლომდე არ ავმდგარვართ. მაქსიმალურად ვისვენებდით ბოლო გზის წინ. არჩილის ნივთები თანაბრად გადავანაწილეთ ჩვენს ჩანთებში, ზედმეტი საჭმლით სავსე დიდი პარკი ჩამოვკიდეთ ჭერიდან ჩამოჭიმულ თოკზე. ყველა ზედმეტი და არასაჭირო ნივთებიც ამ სახლში დავტოვეთ. ბოლოს იმდენი საჭმელი დაგვრჩა იქ, რომ კარგი 10 კაციანი ჯგუფი გაძღებოდა რასაც ქვია. საღამოსკენ ჩვენ გამოვედით სოფელ X-დან და წავედით ნელ-ნელა მდინარე უჟისკენ. ახლობელ მძღოლს დავურეკეთ და ვთხოვე ღამის 12 საათზე იქ დაგხვედროდა, სადაც ლაშქრობის დაწყებისას დაგვტოვა. დრო უამრავი იყო და გზაში ვჩერდებოდით პოლესიეს მიწების საღამოს პეიზაჟების გადასაღებად.

                        ხელუხლებელი ბუნება და ცაზე ფერების სიმრავლე კლავდა ჩემში ყველა ნეგატიურ ემოციას. ერთგან გზაზე დავინახეთ ცხენზე შემჯდარი ადამიანი და ეგრევე გზიდან ხევში დავიმალეთ. რომ ნებისმიერი უცნობი ადამიანი ჩერნობილის ზონაში საფრთხეს გვიქმნიდა. გავიარეთ უკვე ნაცნობი გზა და სოფლები. მიტოვებულ კოლმეურნეობაში მოვაწყეთ ბოლო ვახშამი, გადავიღეთ ბოლო სურათები და დავემშვიდობეთ ჩერნობილის ზონას.

                       უკვე სიბნელეში და ნავიგაციით ხელში ჩვენ მივდიოდით ჩერნობილის საზღვართან. გზაში რამდენჯერმე გზა აგვებნა, თუმცა ორივე არხი უპრობლემოდ გადავლახეთ. წინ იყო მდინარე ,,უჟ“ მისი დონე კიდევ უფრო დაკლებული იყო და მასზე გადმოსვლას დაახლოებით 15 წუთი მოვუნდით. რჩებოდა ბოლო ბარიერი – სოფელი, რომელშიც ხალხი ცხოვრობდა. სუნთქვა გაჩერებულემბა გავიარეთ ის ოთხი განათებული სახლი. ლაშქრობის დასრულებამდე რჩებოდა რამდენიმე ასეული მეტრი. უცებ ტყიდან ჩვენზე წამოვიდა მანქანა და ჩვენ წამებში აღმოვჩნდით გზის პირას მდებარე ბუჩქებში. მანქანა გაჩერდა. თავში კვლავ ცუდი არზები ტრიალებდა. იქნებოდა ძალიან საწყენი, თუ კი ამხელა ლაშქრობის ბოლოს პოლიცია დაგვაკავებდა. მანქნაში ჩაირთო ავარიული ციმციმები, ბუნებრივია გაჩნდა ეჭვი, რომ ეს პოლიცია არ იყო. ბუჩქებიდან დავიყვირე მძღოლის სახელი და მისგან პასუხის მიღების შემდეგ გახარებულებმა გამოვედით გზაზე. როგორი ბედნიერი ვიყავი ამ მომენტში ვერ წარმოიდგენთ. ტელეფონი არ იჭერდა და ბუნებრივია ვერც დავურეკავდი ამ ადამიანს, რათა მეკითხა მოვიდა თუ არა. შეხვედრა წუთობრივ სიზუსტით დავამთხვიეთ. მოვწიეთ სიგარეტი და მანქანაში ჩავჯექით. ვიცოდი, რომ ყველაფერი დასრულდა, თუმცა ნერვიულობა არ შემიწყვეტია, სანამ არ დავინახე გზის პირას მდებარე აბრა „სასაზღვრო ტერიტორიის დასასრული“. გზაში მძღოლს ვუყვებოდით ჩვენს ლაშქრობაზე და ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით შევატყობინეთ მეგობრებს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. კიევში ღამის 2 საათზე ჩავედით. საშინლად გვშიოდა და რამე გემრიელი და არაჯანსაღი საკვების ჭამა გვინდოდა. სახლთან ვიპოვეთ 24 საათიანი მარკეტი სადაც უამრავი საჭმელი და ალკოჰოლი ვიყიდეთ, პროდუქტებით დატვირთულებმა მეგობრის სახლში მივედით. მეგობარმა კარები გააღო სიტყვებით „-ვაა, ჩერნობილის სუნი!“. სახლში ვიბანავეთ, სამწუხაროდ ცხელი წყალი არ იყო, თუმცა ეგ აღარ გვადარებდა. ჩავრთე ყველა მოწყობილობა დასატენად და შევუდექი ჭურჭლის და ტანსაცმლის გარეცხვას. შიგადაშიგ ვიკრიბებოდით მაგიდასთან, ვჭამდით და ვულოცავდით ერთმანეთს კიდევ ერთ წარმატებულ ლაშქრობას, ხოლო პირველად ვინც იყო, იმათ გასტალკერებას ვულოცავდით.

ასე დასრულდა ჩვენი მეორე არალეგალური მოგზაურობა ჩერნობილის ზონაში. გავიდა 5 თვე იმის მერე, რაც მე ამ პოსტის დაწერას ჩავუჯექი. არ ვიცი კიდევ რამდენ ხანში გადამეკეტება ჭკუა და კვლავ გავუყვები გზას პოლესიის მიწებისკენ. ერთი კი ვიცი, რომ ჩერნობილის ზონა ესე მარტივად არ გაგიშვებს. იგი იცვლება, ინგრევა. იცვლები შენც, გემატება ასაკი, მაგრამ ცხოვრებისგან და ხალხმრავლობისგან დაღლილმა კვლავ მოგინდება ცოტა ხნით მაინც აღმოჩნდე პარალელურ სამყაროში, სადაც ჰარმონიულად ხარ ბუნებასთან და ხედავ, თუ როგორც იბრუნებს იგი საკუთარ პოზიციებს. თბილისში წამოსვლამდე მთელი ჩემი ნივთები მივუტანე ჩემს ახლობელს კიევში, ერთ-ერთ ლაბორატორიაში და როდესაც მითხრა რომ ყველაფერი იყო სუფთა, მხოლოდ მაშინ ჩავალაგე ჩანთა და თბილისში დავბრუნდი. ამ ლაშქრობაში მივიღე უზარმაზარი გამოცდილება და ჩემს გვერდით მყოფი ხალხიც ერთგულებაზე შევამოწმე. ჯამში ფეხით ჩვენ გავიარეთ 180 კილომეტრიანი გზა. ჩერნობილის ზონაში გავატარე ჩემთვის რეკორდული 10 დღე. ჩანთების წონა მუდმივად 15 კილოგრამის ფარგლებში იყო. გადავიღე 200 გიგაბაიტამდე ფოტო-ვიდეო მასალა, ხოლო ამ ტექსტის დაწერის დროს სულიერად გავიმეორე ეს ლაშქრობა. ვისაც ჯერ არ გაქვთ წაკითხული ჩემი პირველი ლაშქრობა ჩერნობილში, ეხლა სწორედ ამის დროა 😉


ყველას დიდი მადლობა, ვინც ეს პოსტი წაიკითხა. ამ ლაშქრობის ვიდეობი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს YOUTUBE არხზე, სულ არის 4 სერია. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. ასევე FACEBOOK და INSTAGRAM გვერდები. სადაც ნახავთ უამრავ საინტერესო მასალებს ჩემს ურბანულ ლაშქრობებიდან.

Related Posts

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *