მიტოვებული, მიწისქვეშა, ტექნოგენური

ცივი ომის აჩრდილი. “გომელ – 30” ბირთვული ნაკეთობების საცავი

ჩემი ბელარუსული ექსპედიციის დროს, მომეცა საშუალება მენახა ბელარუსის ერთ-ერთი ყელაზე გასაიდუმლოებული, კარგად შენახული და დიდი ობიექტი. იგი მდებარეობს გომელის ოლქის სამხრეთში. ქალაქ ზარეჩიეს მახლობლად. ადრე ის იყო დახურული ტერიტორია და სამხედრო ნაწილი №42654 (საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს მეთორმეტე მთავარი განყოფილების ყოფილი არსენალი) იყო განთავსებული, ხოლო საცხოვრებელი კორპუსები სამხედრო მოსამსახურეებისათვის იყო განკუთვნილი. დღესდღეობით ის არის ჩვეულებრივი პატარა ქალაქი, სადაც უპრობლემოდ შეგიძლიათ გადაადგილდეთ. სხვათა შორის ეს სამხედრო ნაწილი ჩერნობილის ატომური სადგურიდან სულ რაღაც 120 კილომეტრში მდებარეობს. Google-ის რუკით ჩვეულებრივი ადამიანი იფიქრებს, რომ დაინახა ტიპიური ბელარუსული აგრო-ქალაქი და დიდად არ მიაქცევს მას ყურადღებას.

ქალთა კოლონია

ქალთა კოლონია

სამხედრო ნაწილის ცენტრალური შესასვლელი

სამხედრო ნაწილის ცენტრალური შესასვლელი

ქალაქიდან იქ მოხვედრა შესაძლებელია ქალთა კოლონიის ტერიტორიის გავლით და ცენტრალური შესასვლელის ჭიშკრის გადაკვეთით. თუმცა იქ საკმაოდ ბევრი ხალხი მოძრაობს და მილიციის გამოძახების შანსიც დიდია. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ობიექტზე შევსულიყავით შემოვლითი გზით. ამისათვის ფეხით დაახლოებით 26 კილომეტრის გავლა მოგვიწია ღამის ტყეში. გაციებულებმა და დაღლილებმა ვიპოვეთ ამ ობიექტზე „შესაძრომი“. ფანრების გამოყენება ამ შემთხვევაში არ იყო მიზანშეწონილი რადგან შეიძლებოდა ვინმეს დავენახეთ.

მელოტი მთა

მელოტი მთა

მინსკიდან ჩვენი მოგზაურობა დილით ადრე დაიწყო. წინა ღამის ნაბახუსევს თავი საშინლად მისკდებოდა და მეძინებოდა. ბინა დავალაგეთ, ავიბარგეთ და გავედით მეტროსკენ. გზად მაღაზიაში ვიყიდე მინერალური წყალი და რაღაც საჭმელი. ბელარუსში და უკრაინაში წყალი მაცივრებში პრაქტიკულად არ იყიდება, მცირე ზომის ბოთლების გარდა. მალევე აღმოვჩნდით მინსკის შემოვლით გზაზე. ძალიან სიცხიანი ამინდი იყო და პახმელიაზე მზე საშინლად მაწვებოდა. მთელი დღის მანძილზე ჩვენ მივემგზავრებოდით ავტოსტოპით დანიშნულების ადგილამდე. უამრავი მანქანა გამოცვალეთ ამ გზაზე და უამრავი დროც დავკარგეთ.

გზა მინსკიდან გომელის მიმართულებით

გზა მინსკიდან გომელის მიმართულებით

ბოლოს ჩვენ მივედით ერთ-ერთ სოფელში, სადაც ტრანსპორტი პრაქტიკულად აღარ დადიოდა და არც არავინ გვიჩერებდა. ჩამოვჯექით გზის პირას და შევუდექით ჭამას. სოფლიდან გზა სამარშრუტო ტაქსით გავაგრძელეთ. ცოტა ხანში ტყეში გამავალ გზაზე ჩავედით. მალევე ვიპოვეთ გზიდან საჭირო გადასახვევი, რომელიც ერთ-ერთი დასახლებული პუნქტისკენ მიდიოდა. მის სახელს მე შეგნებულად არ ვიტყვი, რათა არ გავხადო საჯარო ჩვენი მარშრუტი. მზე უკვე ჩადიოდა და ცა ულამაზესი ფერებით იყო მორთული.

გარემო ჩერნობილის ზონას მახსენებდა. შენობები, ცა და ფლორა იგივე იყო, რაც ჩერნობილის ზონის სოფლებში, რაც ლოგიკურია, ვინაიდან ბელარუსის ეს რაიონი სწორედ მას ესაზღვრებოდა. გზის პირას ჯერ საცხოვრებელი სახლები და კოლმეურნეობები გვხვდებოდა, შემდეგ გზა ისევ ტყით დაფარულ მონაკვეთით გადიოდა სადაც, ალაგ-ალაგ იზრდებოდა სვია, ცოცხლად იგი პირველად ვნახე ცხოვრებაში. დაბნელდა, თუმცა მთვარე გზას მაინც კარგად გვინათებდა. გზაზე ხანდახან მანქანები გვხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიმყოფებოდით საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას, მანქანებს მაინც ვემალებოდით. ერთი რაც დამამახსოვრდა იყო ის,რომ ასფალტის „დასაკერად“ ამოჭრილი მონაკვეთები შუქის ამრეკლი საღებავით იყო შეღებილი რათა ღამით, მძღოლს, მარტივად შეძლებოდა ყველა ორმოს დანახვა იქმადე, სანამ ისინი ფარების შუქში გამოჩნდებოდნენ. გაჩერებიდან დაახლოებით 15 კილომეტრი უკვე გავლილი გვქონდა, წინ დაახლოებით იგივე მანძილი გველოდებოდა. გზა ნელ-ნელა მარცხნივ უხვევდა, ხოლო ჩვენ გადავუხვიეთ ხელმარჯვნივ. ხეების სიმრავლის გამო მოგვიწია ფანრების გამოყენება, რათა გზა დაგვენახა. მიწის ზედაპირი ტიპიური ბეტონის ფილებით იყო დაფარული. ნებისმიერ სამხედრო ობიექტისკენ მიმავალი გზა სწორედ ესეთი ბეტონის ფილებით იწყებოდა, ეს კი ნიშანი იყო, რომ სწორ გზაზე ვიყავით. როდესაც მინდორზე გავედით, ჩვენგან ხელმარცხნივ ჩანდა ის დასახლებული პუნქტი, რომლისკენაც მიდიოდა ის სამანქანო გზა, რომლიდანაც ჩვენ გადავუხვიეთ. წინ, ცოტა მოშორებით იყო მოქმედი ხეების მოჭრის მეურნეობა, საიდანაც ძაღლების ყეფა ისმოდა. გზის ეს მონაკვეთი საკმაოდ ჩუმად და სწრაფად გავიარეთ. წინ უფრო და უფრო გაუვალი გზა გვხვდებოდა. სრულ სიბნელეში და ტალახში გივწევდა გადაადგილება. ციოდა კიდევაც. მალე გზა დიდი ბეტონის ბლოკით დამთავრდა. წინ პატარა ხევი იყო და მის იქეთ მავთულხლართებიანი ღობის ნარჩენები შეგვხვდა. ღობეს მარტივად გადავაბიჯეთ. სამხედრო ნაწილის ტერიტორია იყო გაუვალი ტყე. ალაგ-ალაგ გვხვდებოდა მიტოვეული დოტები, რომლებიც ტერიტორიის დასაცავად გამოიყენებოდა. მალევე ბეტონიანი ფილებით მოწყობილ გზას დავადექით და რუკის მეშვეობით სასურველ ობიექტამდე გზა გავიარეთ. მთელი გზა დაძაბული ვიყავი, ვცდილობდი მინიმალურად მეხმაურა და ფანარსაც მინიმალურად ვიყენებდი. ბელარუსში ობიექტების დაცვა ბევრად უფრო კარგი იყო, ვიდრე უკრაინაში. კანონმდებლობაც გაცილებით მკაცრი იყო.

ბირთვული ნაკეთობების ბუნკერის შესასვლელი

ბირთვული ნაკეთობების ბუნკერის შესასვლელი

ღამის ტყეში ნებისმიერ ხმაზე გული გვიჩერდებოდა, ვინაიდან ტერიტორია არის ნაწილობრივ დაცული. სამხედრო ნაწილი არის შემოღობილი მავთულხლართებით და შიგნითაც არის სექტორებად დაყოფილი და ასევე შემოღობილი. გომელ-30 წარმოადგენდა სპეციალურ კომპლექსს, რომელიც იყო ე.წ. “ვარშავის ხელშეკრულების ობიექტი”. აქ ინახებოდა, მოწმდებოდა, იშლებოდა და ეწყობოდა ბირთვული იარაღი. ეს ობიექტი უმაღლესი საიდუმლოების ფარგლებში აშენდა 50-იან წლებში და 90-იანების დასაწყისამდე იყო ექსპლუატაციაში. კომპლექსი იკავებს 6,5 კვადრატულ კილომეტრს. მის ტერიტორიაზე არის განთავსებული 6 ბუნკერი-საცავი, რომლებიც 800 მეტრით არიან დაშორებული ერთმანეთისგან. ასევე ტერიტორიაზე არის დამცავი დოტები, ქვესადგურები, წყლის გამაგრილებელი სისტემები, ყაზარმა, ყარაულის შენობა და სხვა ობიექტები, რომლებიც არის ხოლმე ყველა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. მათი დათვალიერება ჩემთვის არ იყო საინტერესო ვინაიდან სწორედ ბუნკერების სანახავად ვიყავი იქ მისული. ბუნკერების ნაწილი არის კარტოფილის საცავად ქცეული და იქ არის დამონტაჟებული სიგნალიზაცია. დღესდღეობით ექვსიდან მხოლოდ ორი ბუნკერის ნახვა არის შესაძლებელი. ყველა ბუნკერთან მოდის რკინიგზა, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ბირთვული ნაკეთობების იქ შეტანა და გატანა. ყველა ბუნკერს ქონდა ორი შესასვლელი. და ეს ყველაფერი ტყით შენიღბული იყო.  ბუნკერების შესასვლელი იყო პატარა რკინის კონსტრუქციით შენიღბული და გარედან მართლაც სასოფლო-სამეურნეო ობიექტს ჰგავდა და სანამ მას მივუახლობდებოდით, კარებზე სიგნალიზაციის არარსებობაში დავრწმუნდით. კედელში არსებული ხვრელიდან შევიხედეთ და დავრწმუნდით, რომ კარებზე განთავსებული სენსორიც გათიშული იყო, კარები მხოლოდ მაგის შემდეგ გავაღეთ.

ბირთვული ნაკეთობების ბუნკერის შესასვლელი და დოტი

ბირთვული ნაკეთობების ბუნკერის შესასვლელი და დოტი

ამ კონსტრუქციის მიღმა იყო ამწეკრანი და სქელი ბეტონის კედელი, რომელშიც იყო შესასვლელი უშუალოდ საცავში. ბუნკერების ერთმანეთისგან დაშორება და სქელი კედლები იყო საჭირო იმისათვის, რომ ერთ ბუნკერში არა საშტატო სიტუაციის შემთხვევაში სხვა ბუნკერი არ დაზიანებულიყო და გარემო არ დაბინძურებულიყო ბირთვული მასალით. კედლების სისქე 2,5 მეტრს აღწევდა, ხოლო შესასვლელში იყო სამი ჰერმეტული კარი, რომლების სისქე დაახლოებით 2 მეტრს აღწევდა. ხუთი ბუნკერი იყო ერთდონიანი, ხოლო ერთი სამ დონიანი. სწორედ ამის ნახვა დავაპირე იქ ყოფნის დროს. გარკვეული დრო დამჭირდა სანამ იქ შესასვლელს ვიპოვიდი. ყველა ჰერმეტული კარი იყო დაკეტილი და მომიწია იმპროვიზაცია.

ბირთვული ნაკეთობების ბუნკერის შესასვლელი. შენიღბული ანგარი

ბირთვული ნაკეთობების ბუნკერის შესასვლელი. შენიღბული ანგარი

ბუნკერის პორტალი, რომელშიც 3 ჰერმეტული კარია განთავსებული

ბუნკერის პორტალი, რომელშიც 3 ჰერმეტული კარია განთავსებული

ჰერმეტული კარები

ჰერმეტული კარები

კარების სამართავი ბლოკი

კარების სამართავი ბლოკი

ჩვენ ჯერ ცენტრალური, ხოლო მერე სათადარიგო შესასვლელიდან ვცადეთ შესვლა. სათადარიგო შესასვლელის მხრიდან ჰერმეტული კარების გვერდით იყო პატარა პორტალი, რომელშიც წარმატებით გავეტიეთ, ჩვენ აღმოვჩნდით ამ კარების სამართავ ბლოკში, საიდანაც გრძელი დერეფნის საშუალებით აღმოვჩნდით ცენტრალურ დარბაზში.

დერეფანი

დერეფანი

აქედან ჩვენი ხმა გარეთ ვეღარ გავიდოდა და ამ ფაქტმა ძალიან გამახარა და ცოტათი გულზეც მომეშვა. შიგნით წვეთავდა წყალი და ღამურებიც დაფრინავდნენ, რაც საკმაოდ შემაშინებელ ხმებს გამოსცემდა. მაღალი ტენიანობის გამო ფოტოაპარატის ობექტივი ცოტა ხნით ორთქლით დაიფარა. ბუნკერის მასშტაბმა  და მისმა ესეთი სახით შემონახვამ მართლაც გამაოცა. არასდროს არ მინახავს მსგავსი რამ. კონსტრუქციულად იქ იყო უზარმაზარი დარბაზი, საიდანაც კარები გადიოდა არანაკლები ზომის საცავებში, სულ იქ იყო 6 საცავი და ორი ცენტრალური დარბაზი.

პირველი სართული ცენტრალური დარბაზი

პირველი სართული ცენტრალური დარბაზი

იყო ორი შესასვლელი: მთავარი და სათადარიგო. საცავები ზედა და შუა სართულებზე იყო განთავსებული. ბირთვული ნაკეთობების გადასაადგილებლად იქ იყო ლიანდაგები და ამწეკრანები, რომლების მეშვეობითაც ნაკეთობები გადმოქონდათ სართულებს შორის.

დარბაზში შესასვლელი

დარბაზში შესასვლელი

სათადარიგო გასასვლელი

სათადარიგო გასასვლელი

ბირთვული ნეკეთობების საწყობი

ბირთვული ნეკეთობების საწყობი

ნაკეთობების გადასაადგილებელი ურიკა

ნაკეთობების გადასაადგილებელი ურიკა

ამწე კრანი

ამწე კრანი

ზედა დონეზე არის განთავსებული სავენტილაციო და კლიმატური დანადგარები, რადგან ბუნკერში აუცილებელი იყო გარკვეული ტემპერატურის და ტენიანობის შენარჩუნება. კონდიციონერის და გამათბობლის მეშვეობით შემოსული და გაფილტრული ჰაერის ტემპერატურა იცვლებოდა საჭირო ნორმის მისაღწევად. შიგნით ასევე იყო ქვესადგური და დენის გამანაწილებელი ბლოკი, სააკუმულატორო და დიზელ-საგენერატორო, რათა ომის დროს, ობიექტს დამოუკიდებლად შეძლებოდა მუშაობა.

ჰაერის ფილტრაციის ოთახი

ჰაერის ფილტრაციის ოთახი

დენის გამანაწილებელი

დენის გამანაწილებელი

ჰაერის გაგრილების სისტემა

ჰაერის გაგრილების სისტემა

ვენტილაციის სისტემა

ვენტილაციის სისტემა

სართულებს შორის განთავსებული კიბე, ქვედა დონე დატბორილია

სართულებს შორის განთავსებული კიბე, ქვედა დონე დატბორილია

სულ ქვედა დონე, სადაც იყო დიზელ-გენერატორები, საწვავის და წყლის რეზერვუარები აღმოჩნდა დატბორილი. ბუნკერში ასევე იყო ამწყობი ცეხები, ლაბორატორიები, სასადილო, პერსონალის სამუშაო და დასასვენებელი ოთახები. ამჟამად ბუნკერში არის მაღალი სინესტე, რის გამოც შიგ მყოფი დანადგარები იჟანგება და ნადგურდება.

სათავსო

სათავსო

ლაბორატორია

ლაბორატორია

ლაბორატორია

ლაბორატორია

სამუშაო ოთახი

სამუშაო ოთახი

ლაბორატორია

ლაბორატორია

ლაბორატორია

ლაბორატორია

რამდენიმე საათიანი სიარულის დროს, ჩვენ წარმატებულად გამოვაღწიეთ იქედან და დავიძარით საავტომობილო გზისკენ, სადაც დაველოდეთ ავტობუსს, რომელმაც ქალაქ გომელში მიგვიყვანა. ეს ობიექტი არის საკმაოდ კარგად შენახული, არის საშუალება მისის პრაქტიკულად მთელი ტექნიკური ნაწილის დათვალიერების. მიუხედავად იმისა, რომ მანდ ბირთვული იარაღი იყო განთავსებული, რადიაციული ფონი არის ნორმის ფარგლებში და იქ ყოფნა ჯანმრთელობისათვის არ არის მავნე.

სათავსო

სათავსო

90-იანი წლების ბოლოს, ბელარუსმა უარი თქვა ბირთვულ იარაღზე და გომელ-30 დან ყველანაირი ნაწარმი გაიზიდა რუსეთში. ამავე დროს ობიექტიდან საიდუმლო გრიფი მოიხსნა. თუმცა მანდ მოხვედრა დღემდე ძალიან ცოტა ვინმემ შეძლო. მე მომეცა საშუალება იქ გადამეღო ექსკლუზიური კადრები და ვიდეო მასალა. ვიდეოს ფოტოაპარატით ვიღებდით, რათა ჩემს ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით ვიდეოს საუკეთესო ხარისხი მიმეღო. ვყვებოდი ამ ობიექტის ისტორიას და მისი შიგნეულობის ყველა ტექნიკურ დეტალზე მოვყევი. დაღლილობამ საბოლოოდ ბოლო მომიღო, რაც ვიდეოზე ნათლად ჩანდა.

ამწე კრანი

ამწე კრანი

გადაღებები დავასრულეთ და ბუნკერის ტერიტორიაც დავტოვეთ. ღამის 3 საათი იყო და წინ კიდევ დიდი გზა გველოდებოდა. კირილმა შემომთავაზა სამხედრო ნაწილის ტერიტორია დაგვეტოვებინა ცენტრალური შესასვლელით, რათა უკან 26 კილომეტრი არ გვევლო. ეს იდეა ბოლომდე არ მომწონდა რადგან მეშინოდა იქ ვინმეს არ დავენახეთ. ჩვენ გავიარეთ ყველა საცავი და საკონტროლო გამშვებ პუნქტისკენ დავიძარით. წინ გზა საკმაოდ კარგად განათებული გზის მონაკვეთით მთავრდებოდა, თურმე იქ იყო სავარაუდოდ ქალთა კოლონიის ადმინისტრაციული კორპუსი. გარშემო უამრავი გარე განათების ბოძები იდგა.

ქალთა კოლონიის ადმინისტრაციული კორპუსი

ქალთა კოლონიის ადმინისტრაციული კორპუსი

გულის ფართხალით ნელ-ნელა გავიარეთ ეს მონაკვეთიც. წინ მავთულხლართებით დახვეული ღობე დაგვხვდა. კირილმა იგი უპრობლემოდ გადალახა და წინ წავიდა. ხოლო მე იმ მომენტში არც თუ ისეთ კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიყავი. ჭარბი წონის გამო ბეტონის კედელზე ვერ გადმოვძვერი. მომიწია მის გვერდით შედარებით დაბალი მავთულხლართებიან მონაკვეთში გასაძრომის პოვნა. მასში ჯერ უზარმაზარი ზურგჩანთა გავატარე, ხოლო მერე თავად გავძვერი. ბუნებრივია შორტები ამ ეკლებზე სრულად დავხიე და გავაუბედურე და ფეხებიც დავისისხლიანე. იმ მომეტში,რომ ვინმეს, დავენახეთ და გამოგვკიდებოდა, გაქცევასაც ვერ მოვასწრებდით. ღობის მიღმა იყო ქალთა კოლონია, რომელიც მაღალი ბეტონის ღობით იყო შემოღობილი. ჩვენ მის გასწვრივ გავიარეთ. ღობის მიღმა ათობით ძაღლმა ყეფა დაიწყო. საშინლად მეშინოდა. ღობე კოლონიის შესასვლელი ჭიშკრით და პარკინგით დამთავრდა. წინ სწორი და ჩაბნელებული გზა გრძელდებოდა. ამ მონაკვეთში თავს დაწყნარებულად და უსაფრთხოდ ვგრძნობდი. ფეხზე სისხლი მოვიწმინდე და შორტების მაგივრად ჯინსის შარვალიც ჩავიცვი. საშინლად ციოდა. მანქანებს პერიოდულად გზის პირას ვემალებოდით. ბალახმა ფეხები ძალიან დამისველა, რაც გზაში დიდ დისკომფორტს მიქმნიდა. გავიარეთ ამ სამხედრო ნაწილის დასახლებაც. წინ მხოლოდ ტყით შემორტყმული გზა გველოდებოდა. სიარულისას მზესუმზირის რამდენიმე შეკვრა დავცალეთ. იგი შიმშილის გრძნობას აქვეითებდა და ნერვებსაც გვიწყნარებდა. გზაში უამრავ თემაზე ვსაუბრობდით, და ვხალისობდით. ადრენალინის შემდეგ ყოველთვის ბედნიერების შეგრძნებას განიცდი, ხოლო ტკივილს და დაღლილობას პრაქტიკულად ვერ გრძნობ. 16 კილომეტრიანი გზა დასრულდა მსხვილი მაგისტრალით, რომელზეც ავტობუსის გაჩერება იდგა. ჩვენი ნივთები იქ დავალაგეთ და დავიწყეთ ავტოსტოპობანა. გზაზე მანქანების ნაკადი პრაქტიკულად აღარ იყო, ამიტომაც გადავწყვიტეთ დილის 7 საათზე გამავალი ავტობუსით წავსულიყავით ქალაქ გომელში. გაჩერებაზე კოცონი დავანთეთ და ასე ვთბებოდით რამდენიმე საათის მანძილზე. სველი ფეხსაცმელიც ამ კოცონზე გავაშრე და გაჩერების სკამზე, საძილე ტომარაში მოთავსებულმა დავიძინე კიდევაც. დილით პირველივე ავტობუსით ჩავედით გომელში. ავტოსადგურში, მზის შუქზე ტკბილად ვთბებოდი და ენერგეტიკული სასმელის დალევის შემდეგ წავედი სალაროში, რათა კიევამდე ბილეთი მეყიდა და იქ რაიმე თავგადასავლების გარეშე ჩავსულიყავი. კირილი სახლში, ქალაქ მაგილოვში უნდა დაბრუნებულიყო, ხოლო რამდენიმე დღეში ჩვენ ერთად უნდა წავსულიყავით ჩერნობილის ზონაში. ბილეთის ყიდვის მერე ერთ-ერთ კაფეში ვისაუზმე და ერთ იქაურ სტალკერს ვესტუმრე. ერთად ლუდი დავლით და რამდენიმე სახურავიც მოვიარეთ. საღამოს 4 საათზე გავემგზავრე კიევისკენ და ღამის 11 საათზე უკვე კიევში ვიყავი. საზღვარზე გავლამ, უაზრო კითხვების და რამდენიმე საათიანი პასპორტის შემოწმების გარეშე არ ჩაიარა. ამით ჩემი მოგზაურობა ბელარუსის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ძნელად მიღწევადი ობიექტში დასრულდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იქ ძალიან ცოტა დიგერი იყო ნამყოფი . ოდესმე იქ კიდევ დავბრუნდები, იქ ხომ კიდევ იმდენი ობიექტი დამრჩა სანახავი. უბრალოდ მანქანის გარეშე მანდ მისვლა არის ძალიან დამღლელი და დიდ დროს მოითხოვს. იმედია მოგეწონათ ეს მონაყოლი და თუ ასეა, დიდი თხოვნა მექნება რომ გააზიაროთ ეს ჩანაწერი 🙂


ყველას დიდი მადლობა, ვინც ეს პოსტი წაიკითხა. ამ ლაშქრობის ვიდეობი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს YOUTUBE არხზე. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. ასევე FACEBOOK და INSTAGRAM გვერდები. სადაც ნახავთ უამრავ საინტერესო მასალებს ჩემს ურბანულ ლაშქრობებიდან.

ჩემი ჩერნობილში მოგზაურობის შესახებ ისტორიის წასაკითხად, გთხოვთ გადახვიდეთ ამ ბმულზე

Related Posts

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *