უკრაინა

ჩერნობილის აჩრდილი – ქალაქი სლავუტიჩი

სექტემბრის დასაწყისი იყო, ჩერნობილიდან რამდენიმე დღის ჩამოსული ვიყავი და ერთერთი ბლოგის წაკითხვის მერე მომინდა დამეთვალიერებინა ქალაქ სლავუტიჩი. მარტო ბუნებრივია მეზარებოდა იქ წასვლა და დავურეკე ჩემს მეგობარ სერგეის და მან სიამოვნებით გამიწია კომპანია.

საღამოს ავიბარგე და დილით ადრე ჩერნიგოვის ავტოსადგურზე შევხვდი სერგეის. უკრაინაში საქალაქთაშორისო მიმოსვლა ცოტა მოიკოჭლებს, ამიტომ ორი საათი მოვუნდით სასურველი სამარშრუტო ტაქსის ძებნას. ჩვენ გადავწყვიტეთ ჯერ ჩავსულიყავით ქალაქ ჩერნიგოვში და შემდეგ იქედან გვეპოვა რაიმე ტრანსპორტი სლავუტიჩამდე. ჩერნოგოვომდე მზავრობა 2 საათი გრძელდებოდა და 100 გრივანა (10 ლარი) ღირდა.

ჩერნიგოვში ჩასვლის შემდეგ, მალევე ვიპოვეთ მიკროავტობუსი სლავუტიჩამდე, რომელიც ნახევარ საათში გადიოდა. ბილეთები სალაროში 60 გრივნად (6 ლარად) ვიყიდეთ. მგზავრობამდე, გვერდზე მყოფ სასადილოში შევედით და ვისადილეთ. მე ვიყიდე პიურე, სარდელი, სალათი და კომპოტი. აღნიშნული სიამოვნება 68 გრივნა (6,8 ლარი) დამიჯდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამარშრუტო ტაქსის გაფორმება და ტექნიკური მდგომარობა ყველა პოსტ საბჭოთა ქვეყანაში იდენტურია.

სამარშრუტო ტაქსი სლავუტიჩამდე

სამარშრუტო ტაქსი სლავუტიჩამდე

სამარშრუტო ტაქსის ინტერიერი

სამარშრუტო ტაქსის ინტერიერი

არაჩვეულებრივი ამინდი იყო, მზიანი და ცხელი. დაახლოებით ერთ საათში აღმოვჩნდით სლავუტიჩის ავტოსადგურზე. ქალაქში გასვლისთანავე თვალში გხვდება მიტოვებული მრავალსართულიანი სასატუმრო.

მიტოვებული სასტუმტო

მიტოვებული სასტუმტო

თუმცა ამ შენობაზე მოგვიანებით მოგიყვებით. პირველი ადგილი, რომელიც მოვინახულეთ იყო რკინიგზის სადგური. სწორედ ამ სადგურიდან დადის მატარებელი ჩერნობილის ატომურ სადგურზე.

სლავუტიჩის რკინიგზის სადგური

სლავუტიჩის რკინიგზის სადგური

მატარებელს სჭირდება ზუსტად 45 წუთი 50 კილომეტრიანი გზის გასავლელად. სადგური დაცულია გისოსებით, არის უფასო და მასში შესვლა ნებისმიერს შეუძლია, თუმცა შემოწმების დროს საბუთების არქონის შემთხვევაში სერიოზულ შარში აღმოჩნდებით. მატარებელი ჩერდება მხოლოდ ბოლო გაჩერებებზე, გზაში იგი ორჯერ კვეთს ბელარუსის საზღვარს. სადგურის შენობა ხალხმრავლობით დიდად არ გამოირჩევა, თუმცა ერთმა რამ ნამდვილად გამაოცა.

რადიაციის საზომი სადგურის შენობაზე

რადიაციის საზომი სადგურის შენობაზე

ცენტრალურ შესასვლელთან კედელზე არის დამაგრებული რადიაციის საზომი, რომელიც ლაივში წერს მიმდინარე რადიაციის დონეს. დღისით იგი 13,5 მიკრო რენტგენს საათში აჩვენებდა. საღამოს კი 14,2. ვაგზლის შემდეგ შევედი მაღაზიაში, სადაც მინერალური წყალი ვიყიდე. სალაროსთან იყიდებოდა სანელებლები მათ შორის სვანური მარილიც. ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი სამზარეულო ცნობილია სხვა ქვეყნის ყველაზე შორეულ წერტილშიც კი.

სვანური მარილი სლავუტიჩიჩის მაღაზიაში

სვანური მარილი სლავუტიჩიჩის მაღაზიაში

სლავუტიჩის გერბი

სლავუტიჩის გერბი

სანამ გავაგრძელებ ჩემს მოგზაურობაზე თხრობას, მინდა მოგიყვეთ ამ მყუდრო ქალაქის ისტორიაზე. ქალაქ სლავუტიჩი არის საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აშენებული ბოლო ქალაქი. მისი მშენებლობა საგანგებოდ, 1986 წლის ჩერნობილის ავარიის შემდეგ 2 ოქტომბერს დაიწყეს. 25 000 მოსახლეზე გათვლილი ქალაქი სულ რაღაც 2 წელიწადში დაასრულეს. 1988 წლის 28 მარტს იქ შესახლების პირველი ორდერი გაიცა. ქალაქი 7,5 კვადრატულ კილომეტრის ფართობს იკავებს. იგი სამანქანო და სალიანდაგო გზით ჩერნიგოვს და ჩერნობილის ატომურ სადგურს უკავშირდება. მასში ძირითადად ჩერნობილის ატომურ სადგურზე და ახლომდებარე ქარხანაში მომუშავე პერსონალი ცხოვრობს. მოსახლეობის უმეტესობა პრიპიატიდან გადმოსახლებული ოჯახებია. ქალაქიდან 10 კილომეტრში მდინარე დნიპრო გადის. სლავუტიჩი ჩერნიგოვიდან 40, ხოლო კიევიდან იგი 120 კილომეტრითაა დაშორებული. სლავუტიჩის მშენებლობაში რვა საბჭოთა რესპუბლიკამ მიიღო მონაწილეობდა.

ესენია: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი უკრაინა და რუსეთი. ბელარუსს ქალაქის მშენებლობაში მონაწილეობა პრაქტიკულად არ მიუღია, ვინაიდან ავარიის შემდეგ უკრაინაზე მეტად დაშავდა და თავის პრობლემების მოგვარებით იყო დაკავებული. სულ ქალაქში 13 უბანი აშენდა. უბნებს მისცეს საბჭოთა რესპუბლიკების დედაქალაქების და მსხვილი ქალაქების სახელები. უბნებს თბილისის, ერევნის, ბაქოს, ტალინის, რიგის, ვილნიუსის, კიევის, ჩერნიგოვის, პეჩერსკის, მოსკოვის, ნევსკის(ლენინგრადის), ბელგოროდის და დობრინინსკის სახელები ქვია. ყველა უბანი ერთმანეთისგან კოლორიტით და არქიტექტურით განსხვავდება. რესპუბლიკებმა ისინი თავიანთი არქიტექტურის მიხედვით ააგეს. უბნები არის ძალიან კოხტა და მოვლილი. ქალაქის გარშემო არის ტყე, რის გამოც მასში სუფთა ჰაერი ტრიალებს. უბნები იწყება რკინიგზის სადგურიდან და ცენტრში უზარმაზარ მოედანს და პარკს წრეს ურტყამენ.

საბჭოთა რესპუბლიკების დედაქალაქების ძეგლი

საბჭოთა რესპუბლიკების დედაქალაქების ძეგლი

ცენტრალურ მოედანზე არის რამდენიმე ადმინისტრაციული და კომერციული შენობა. ისინი ბელარუსების მიერ იქნა აშენებული. იქ ასევე მდებარეობს ჩერნობილის ავარიის მუზეუმი, რომელიც უფასოა ნებისმიერი მსურველისათვის. ქალაქის მთავარი არქიტექტორი 1937 წლის 28 პრიალს დაბადებული ფედორ ბოროვიკი გახლავთ. იგი იყო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტორი საქალაქო არქიტექტურის დარგში. სლავუტიჩში დღემდე არის შემორჩენილი ველო ბილიკები და მის გზებზე მხოლოდ ერთი შუქნიშანია.

ჩერნობილის მუზეუმი

ჩერნობილის მუზეუმი

სლავუტიჩის მერია

სლავუტიჩის მერია

კინოთეატრი

კინოთეატრი

             უბნებში ჰარმონიულად დგანან როგორც მრავალსართულიანი კორპუსები, ასევე კერძო 2-3 სართულიანი სახლები. კორპუსების სიმაღლე 5 და იშვიათად 9-ს არ აღემატება. 2000 წელს, როდესაც გააჩერეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა და ქალაქიც დატოვა. მოსახლეობის ზრდის მიზნით უკრაინამ მას თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსი მიანიჭა. ქალაქში სიარულის დროს პირველი რაც გხვდება თვალში არის მანქანების ნაკლებობა და უამრავი ველო ბილიკი, რომელიც ჯერ კიდე 1988 წელს გაკეთდა. ქალაქი იმდენად პატარაა, რომ მისი ერთი ბოლოდან მეორეში ფეხით მოსახვედრად, დაახლოებით 20 წუთია საჭირო. ირგვლივ იდეალური სიჩუმეა. არავინ არ ყვირის, არ “აგაზავებს” მანქანას და არ ჩხუბობს. პოლიცია მთელი ორდღიანი სეირნობის დროს არცერთხელ არ მინახავს. ქალაქში ასევე ხშირად ვაწყდებოდი უფასო ფსიქოლოგიური მხარდაჭერის განცხადებებსაც. როგორც მოგვიანებით გავიგე, ქალაქში სერიოზული პრობლემაა ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის მხრივ. ქალაქის მაცხოვრებლებმა საკმაოდ კეთილი და ღია ადამიანების შთაბეჭდილება დამიტოვეს. სლავუტიჩში არის ძალიან იაფი და კოხტა კაფეები. არ არის არც ერთი საერთაშორისო სწრაფი კვების ობიექტი და ქუჩაში ნაგავსაც იშვიათად თუ წავაწყდებოდი. ჯამში ქალაქი სუფთა, კოხტა და კარგად მოვლილი ჩანდა. გამწვანებაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ქალაქის მონახულება კიევის უბნიდან დავიწყეთ, მისი კუთხურად განლაგებული 5 სართულიანი კორპუსები პრიპიატის მე-5 მიკრო რაიონს მახსენებდა. ეზოებში უამრავი საბავშვო მოედანი და გაზონი იყო მოწყობილი. ვერანაირი მიშენება, გარაჟი და სხვა სიმახინჯეები იქ ვერ ვნახე. კორპუსების კარებს ელექტრონული ბოქლომები იცავდა, ხოლო შესასვლელთან ყვავილებით სავსე ქოთნები იდგა. ხალხი ცოტა ცერად გვიყურებდა როდესაც ჩვენ სურათებს ვიღებდით. ხშირად გვეკითხებოდნენ ვინ ვართ და საიდან. 

კიევის უბნის შემდეგ, ცენტრალურ მოედანზე გადავინაცვლეთ. იგი დიდ უდაბნოდ მომეჩვენა, რომელზეც რამდენიმე შენობა იდგა. მახსოვს მერია, ბავშვთა ხელოვნების აკადემია, კინოთეატრი, სავაჭრო ცენტრი და ჩერნობილის ავარიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი. ყველაფერი მოვიარეთ და გადავიღეთ. სანამ ვმგზავრობდით, ინტერნეტში ვიპოვეთ ბინა, რომელიც დღიურად ქირავდებოდა.

აფთიაქი

აფთიაქი

ბავშვთა ხელოვნების აკადემია

ბავშვთა ხელოვნების აკადემია

სავაჭრო ცენტი

სავაჭრო ცენტი

იგი იყო დობრინინსკის უბანში. ერთ დღე-ღამეში ბინის ქირაში 350 გრივნა (35 ლარი) გადავიხადეთ. ბინა იყო სუფთა და ყველანაირად მოწყობილი. ინტერიერი იყო ტიპიური საბჭოთა დროინდელი რემონტით, ავეჯით და ნივთებით. ბინის ნომერი 404 იყო, რაზეც გამეცინა (PAGE NOT FOUND), ვინც მიხვდება, მიხვდება. ბინაში ნივთები დავდეთ და კვლავ ცენტრში წავედით. საქმე იმაშია, რომ სლავუტიჩში არის ჩერნობილის ავარიის და სლავუტიჩის ისტორიის უფასო მუზეუმი.

დახურვამდე 15 წუთით მოვასწარით შესვლა. საგამოფენო დარბაზში ერთ-ერთი ექსპონატი იყო ქალაქ პრიპიატის მაკეტი. წარმოიდგინეთ სიტუაცია: ვდგავართ მე და სერგეი და ემოციურად ვათვალიერებთ მასზე განლაგებულ კორპუსებს სიტყვებით „-აუ გახსოვს ამ სახლში წინა წელს ვცხოვრობდით“ „-აუ აქ გახსოვს ვსვამდით ერთად“ „-აქ ჩვენ სახურავზე ვიჯექით და მზის ჩასვლას ვუყურებდით“. ქალბატონმა, რომელიც ჩვენი გიდი იყო გვკითხა: „-თქვენ ალბათ ხშირად დადიხართ მანდ“, რაზეც ვუპასუხეთ „-არც ისე“, თუმცა მის თვალებში ვნახეთ ის, რომ გაუხარდა, რომ მუზეუმში მივიდა ხალხი, ვინც აღნიშნული თემატიკით იყო დაინტერესებული. მისი თქმით, მუზეუმს იშვიათად თუ ეწვეოდა ვინმე. პატარა საგამოფენო დარბაზი სავსე იყო მაკეტებით და იმ დროინდელი სურათებით. ასევე იყო ოთახი, სადაც დაღუპული თანამშრომლების პორტრეტები იყო ჩამოკიდებული. მოკლედ ძალიან ემოციური და საინტერესო ინსტალაცია იყო მოწყობილი.

პრიპიატი

პრიპიატი

სარკოფაგის მაკეტი

სარკოფაგის მაკეტი

რეაქტორის მაკეტი

რეაქტორის მაკეტი

პრიპიატის მაკეტი

პრიპიატის მაკეტი

ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის მაკეტი

ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის მაკეტი

მემორიალური ოთახი. კედლებზე კიდია ჩერნობილის ატომური სადგურის დაღუპული თანამშრომლების სურათები

მემორიალური ოთახი. კედლებზე კიდია ჩერნობილის ატომური სადგურის დაღუპული თანამშრომლების სურათები

მეორე სართულზე მოწყობილი იყო სლვუტიჩის ისტორიის მუზეუმი. იქაც ქალაქის უზარმაზარი მაკეტი დამხვდა. კედლებზე იყო გაკრული საბჭოთა რესპუბლიკების დროშები და გერბები, ხოლო გვერდზე ეკიდა თანამედროვე. მუზეუმი უკვე დიდი ხნის დაკეტილი იყო და იქ მხოლოდ ჩვენ ორნი და გიდი ვიყავით. ვიზიტორების დაფაზეც ქართულად დავწერე ჩემი დადებითი ემოციები მუზეუმის შესახებ. ახლა მანდ მხოლოდ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეღა დარჩა დასამატებელი ტექსტი, რათა მთელი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორების წრე შეიკრას. უამრავი რამ მოგვიყვა ამ ქალბატონმა ქალაქზე, ბევრად მეტი იმაზე, რასაც სტანდარტულად ყვებოდა.

ქალაქ სლავუტიჩის მაკეტი

ქალაქ სლავუტიჩის მაკეტი

საბჭოთა საქართველოს გერბი (მარჯვენა)

საბჭოთა საქართველოს გერბი (მარჯვენა)

ქალაქის მაცხოვრებლების ჯილდოები

ქალაქის მაცხოვრებლების ჯილდოები

კაფედან გამოვედით და მუზეუმის მერე ჩვენ წავედით კაფეში „ძველი ტალინი“. იქ საკამოდ სასიამოვნო გარემო და გემრიელი კერძები იყო. გავაგრძელეთ ქალაქის დათვალიერება. დაისის ფერებში შესანიშნავი სურათები გამოდიოდა. გადავინაცვლეთ ტალინის უბანში. მასში ძირითადად კერძო სექტორი იყო განთავსებული. ღობეები მცენარეებით დაფარული იყო. ეზოებში ყვავილები იყო დარგული. ყველაფერ ამას ემატებოდა თბილი მზის შუქი და ბუნების ხმები.

ესეთი მყუდრო ადგილი ქალაქის ჩარჩოებში მე ჯერ არსად მინახავს. ქუჩები და სახლები იძირებოდა გამწვანებაში. გარშემო არ იყო არც ერთი მანქანა. მაცხოვრებლები ეზოდან ხელს გვიქნევდნენ და იღიმოდნენ. თავი მეგონა რომელიმე ევროპულ სოფელში. მსგავსი კონტრასტი კომუნისტური არქიტექტურისა და კერძო სექტორს შორის დიდი იშვიათობაა. სადაც არ გაიხედავდი ყველგან სიმწვანე და სიმყუდროვე იყო. ერთი სიტყვით სამოთხეა. ტალინის უბნის შემდეგ ჩვენ გადავინაცვლეთ რიგის უბანში. იგი კიევის უბანს გავდა თავისი პატარა და კოხტა 5 სართულიანი სახლებით. განსხვავება ალბათ ფასადებში და უკეთეს გამწვანებაში იყო. კორპუსები უფრო დაშორებული იყვნენ ერთმანეთისგან, ასევე თვალში მხვდებოდა საბავშვო ბაღების და სკოლების სიმრავლე.

რიგის უბნის შემდეგ ჩვენ გადავინაცვლეთ ვილნიუსის უბანში. კორპუსები იქ ცოტა უფრო შეჭეჭყილად იყვნენ განთავსებული. ეზოები მანქანებით იყო გადაჭედილი. კორპუსების ფასადები და სადარბაზოების შესასვლელები საკმაოდ ბრუტალურად გამოიყურებოდა.

რამდენიმე კორპუსს ახლავდა წარწერა, რომ მის ქვეშ ბომბ საწინააღმდეგო თავშესაფარი იყო განთავსებული. თავშესაფრები სტავუტიჩში მრავლად იყო განლაგებული. ისინი მოვლილი, დაცული და მოქმედნი იყვნენ. რა თმა უნდა მინდოდა მათი მონახულება, თუმცა ვერ გამომივიდა და სიმართლე გითხრათ მეზარებოდა კიდევაც, წინ მელოდებოდა კიევი და ლვოვი სადაც გაცილებით უფრო მასშტაბურ მიწისქვეშა ობიექტების ნახვას ვაპირებდი. უბნის ბოლოს იწყებოდა ტყე, საიდანაც მწვადის სუნი მოდიოდა. როგორც გაირკვა მოგვიანებით მწვადის შეწვა ამ ქალაქში ძალიან უყვართ.

ევროპული ქვეყნების უბნებიდან გადავინაცვლეთ რუსეთის მიერ აშენებულ უბნებში. პირველი შეგვხვდა ბელგოროდის უბანი, იგი ვილნიუსის უბანივით ესაზღვრებოდა ტყეს და მის ცენტრში განთავსებული შადრევნის და კორპუსების ფასადით დიდად მისგან არ განსხვავდებოდა.

ბელგოროდის მერე გადავინაცვლეთ ნევსკის (ლენინგრადის) უბანში. მისი კორპუსების ფასადი კაფელის ფილებით იყო დაფარული და იქაც ყველაფერი კომპაქტურად იყო განთავსებული. ამ უბანში სიარულიდ დროს გამახსენდა ჩემი მოგზაურობა სანქტ-პეტერბურგში, აქაურობას თეთრი ღამეებიღა აკლდა სრული სიამოვნებისთვის. ნევსკის უბანში ასევე მრავლად იყო კერძო სახლები, თუმცა ბევრად ნაკლებად მოვლილი, ვიდრე ტალინის უბანში. იქვე წავაწყდი სლავუტიჩში განთავსებულ ერთადერთ შუქნიშანსაც.

ნევსკის უბნის მერე მოვინახულეთ პეჩერსკის უბანი, იგი სულ სამი კორპუსისაგან შედგებოდა. გარშემო იყო მხოლოდ ერთი საბავშვო მოედანი და ტყე. საბავშვო მოედანზე კარუსელზე ჩამოვჯექით რათა ცოტა დაგვესვენა. საინტერესო იყო კიდევ ის, რომ ქალაქში არ მოძრაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ან მე ვერ ვნახე ან მართლა არ არსებობდა.

დაღლილებმა მივედით ჩვენს მიერ ნაქირავებ ბინაში ნომრით 404. ეზო და კორპუსი საკმაოდ ჩუმი იყო. გადავწყვიტეთ ქალაქის ცენტრში გავსულიყავით. სიარულისას შევამჩნიე გარე განათების ნაკლებობა. ალაგ-ალაგ იდგა პატარა გამნათებელი ბოძები, თუმცა უსაფრთხოებაზე ეს დიდად არ აისახებოდა. ფანრის გამოყენება მაინც მომიწია რამდენიმეჯერ. თავიდან გამიკვირდა განათების ნაკლებობა, მერე რომ დავფიქრდი, მივხვდი იმას, რომ ქალაქში ძირითადად შუა ასაკის დასაქმებული ხალხი ცხოვრობდა და სამსახურიდან 5-6 საათის მერე დიდად არსად გადიოდნენ. ჩვენ მივედით სავაჭრო ცენტრში „მინსკი“. იქ იყო მაღაზია, რომელიც 11 საათზე იკეტებოდა, თუმცა გაგვიმართლა და საყიდლების ყიდვაც მოვასწარით. მე ვიყიდე რამდენიმე ბოთლი ლუდი და ჩიპსი. სერგიმ ტკბილეულობა. მაღაზიიდან გავედით ცენტრალურ მოედანზე ღამის ქალაქის სურათების გადასაღებად. და მოედანზე განლაგებული ღირსშესანიშნაობების სანახავად.

ცენტრი უკეთესად იყო განათებული ვიდრე საცხოვრებელი უბნები. სამწუხაროდ კაფეების და სხვა დაწესებულებების უმეტესი ნაწილი 10 საათზე იკეტება და ლუდის დალევა იქვე პარკში გადავწყვიტეთ. რამდენიმე სურათის შემდეგ მე გავედი ჩერნობილის ავარიის დაღუპულთა მემორიალთან, სადაც ყოველ წელს 26 აპრილს მათ მოსახსენიებლად უამრავი ხალხი ჩადის.

ჩერნობილის ავარიის დაღუპულთა მემორიალი

ჩერნობილის ავარიის დაღუპულთა მემორიალი

მემორიალი არის რომბის ფორმის. შუაში დგას ხელოვნური ქვა, სადაც არის მიმაგრებული ორი მარმარილოს ფილა. მის უკან დგას სტელა, რომლის ზემოდ ზარი კიდია. ხოლო მისგან ორივე მიმართულებით მიდის კედელი, რომელზეც დაღუპულთა პორტრეტები და სახელებია განთავსებული. მემორიალთან ცოტა ხნით ჩამოვჯექი და ამ ადამიანების გამოსახულებებს ვათვალიერებდი. ვიხსენებდი კადრებს დოკუმენტური ფილმიდან, სადაც მათი სახელები ფიგურირებდა. რაღაც მომენტში ცრემლიც მომადგა თვალზე.

არქანგელ მიქაილის ძეგლი

არქანგელ მიქაილის ძეგლი

სლავუტიჩის ჰიმნი

სლავუტიჩის ჰიმნი

ცენტრში ასევე იწყო არქანგელ მიქაილის ძეგლი, რომელიც არის ქალაქ სლავუტიჩის მფარველი და ქალაქის გერბზეც არის ასახული. ძეგლზე ასევე მიმაგრებულია მარმარილოს ფილა, სადაც სლავუტიჩის ჰიმნია დაწერილი. სახლში მალევე დავბრუნდით. მე ვტენიდი ტექნიკას და ინტერნეტში შემდგომ ლოკაციებზე ვეძევდი ინფორმაციას. ზოგადად როგორც ბლოგერი ვცდილობ ხოლმე ადგილზე, რომელზეც მივდივარ მქონდეს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, რათა მკითხველამდე ან მაყურებლამდე მაქსიმალურად სწორი და ზუსტი ინფორმაცია მივიტანო. ხანდახან ისე ხდება,რომ სპონტანურად მიწევს ხოლმე ობიექტზე მისვლა და ადგილზე უკვე იმპროვიზაცია. ამას როგორც წესი მერე მოყვება რამდენიმე კვირიანი მონტაჟი და ათასობით დეტალის ვიდეოში დამატება.

საცხოვრებელი ოთახი

საცხოვრებელი ოთახი

სამზარეულო

სამზარეულო

ჩვენი ბინა იყო ერთ ოთახიანი. იგი ძველი გარემონტებული იყო და მასში უამრავი საბჭოთა ნივთები იყო განლაგებული. მაგალითად ძველი გაზქურა, კარადები, დივანი, მაგიდა და სკამები. ტიპიური „ბებიას“ ბინა, ასე დავარქმევდი მე მას. ამასობაში სერგეი ელაპარაკა ერთ ჩვენ საერთო მეგობარს და მან თქვა, რომ სლავუტიჩში ცხოვრობს ერთი ადამიანი, ვინც იყო ჩერნობილის ავარიის ლიკვიდატორი და ახალ სარკოფაგის მშენებლობაზეც 10 წელიწადი იმუშავა. მისი ნომერიც მოგვცა. მას ალექსანდრე კუპნი ჰქვია და იმავე უბანში ცხოვრობდა, სადაც ჩვენ ბინა ვიქირავეთ.

დილის ხედი ფანჯრიდან

დილის ხედი ფანჯრიდან

დილით ადრე ავდექით დავალაგეთ ბინა, ავიბარგეთ და წავედით ცენტრში, კაფეს მოსაძებნად. სამწუხაროდ დილის 11 საათამდე ყველაფერი დაკეტილი იყო. ადგილის ძებნაში მივედით პირველივე ადამიანთან, რომელიც ქუჩაში იდგა და ისიც უცხოელი ტურისტი აღმოჩნდა და გვითხრა, რომ რკინიგზის სადგურთან კარგი კაფე იყო. დავიძარით სადგურისკენ. გზაში შევიარეთ ცენტრალურ პარკში, რომლის ცენტრში იდგა შოკისმომგვრელი რკინის ძეგლი. აბა გამოიცანით რისი ძეგლი იყო ? – მამაკაცი, რომელიც რგავდა მუხის ხეს. ნუ ეს მე მერე მოვიძიე ინფორმაცია, თავდაპირველად პირღია ვიდექი ამ ძეგლის გვერდით სიტყვებით: „-ამ ტიტველ მამაკაცის ძეგლს აქ რა უნდა?“

რკინიგზის სადგურთან ჩვენ ვიპოვეთ ნაქები კაფე, შევუკვეთეთ დიდი პიცა, პელმენი ქოთანში და ყავა. ანგარიში, ჯამში კაცზე 5 ლარი გამოვიდა. პიცაზე რა გითხრათ, მაგრამ პელმენი იყო უბრალოდ ღვთაებრივი. ამაზე გემრიელი პელმენი მე უკრაინაში არსად მიჭამია. საუზმის შემდეგ ჩვენ წავედით მაღაზიაში და ლიკვიდატორთან სტუმრად ხელცარიელები რომ არ მოვსულიყავით ვიყიდეთ ტკბილეულობები.

ალექს კუპნის ფოტოსტუდია

ალექს კუპნის ფოტოსტუდია

ლიკვიდატორის საცხოვრებელს მარტივად მივაგენით და კარზე დავაკაკუნეთ. კარი შუა ასაკის, უკრაინული ორნამენტებით მორთულ მაისურში გამოწყობილმა მამაკაცმა გაგვიღო. მოგვესალმა და სამზარეულოში მიგვაცილა. სანამ ჩაის ამზადებდა, ჩვენ ვუყვებოდით ჩვენს შთაბეჭდილებებს ქალაქ სლავუტიჩზე. როდესაც ვახსენე, რომ საქართველოდან ვიყავი, მას ძალიან გაუხადა. მომიყვა ჯარში როგორ მსახურობდა ერთ ქართველთან ერთად და დღემდე ოჯახებით მეგობრობენ. საქათველოში ჩამოსვლის სურვილიც გამოთქვა. თავდაპირველად, ქალაქი როდესაც შენდებოდა, მაცხოვრებლებს აძლევდნენ უფლებას აერჩიათ ნებისმიერი უბანი და ბინა. მე ყველა უბანი მოვიარეო და თბილისის უბანი ყველაზე მეტად მომეწონაო. იქ ყველაზე დიდი ბინები და ყველაზე მაღალი ჭერები იყო. სამწუხაროდ მერე ფინანსური პრობლემების გამო გადასვლა მომიწიაო. ალექსანდრე ყვებოდა მის ცხოვრების ისტორიას, თუ როგორ მუშაობდა იგი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე და როგორ დადიოდა ჩერნობილის სადგურზე ტრეინინგების ჩასატარებლად. მოგვიყვა პრიპიატზე, თუ როგორ შენდებოდა ის ქალაქი და როგორი იყო ის ავარიამდე. მას ის ქალაქი საშინლად არ მოსწონდა. ამობდა რომ „-იყო ტიპიური საბჭოთა ნაცრისფერი ქალაქი. რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირის შორეული ადგილებიდან აქ გადმოსულ ოჯახებს მოსწონდათ. ოღონდ მე არა. მე იმდენი სხვა ლამაზი ქალაქი მქონდა ნანახი, რომ პრიპიატმა არ გამაოცა. თუმცა პროვინციებისთვის იგი ნამდვილი სამოთხე იყო “

ალექსის სახლში იყო დამონტაჟებული ახალი სარკოფაგის ადმინისტრაციული შენობის აბრა

ალექსის სახლში იყო დამონტაჟებული ახალი სარკოფაგის ადმინისტრაციული შენობის აბრა

ვისაუბრეთ ასევე ავარიაზე, სარკოფაგის მშენებლობაზე. ჩერნობილის ზონის და სლავუტიჩის მომავალზე. საუბრის ბოლოს მოგვიყვა ჩერნობილის სადგურზე სარკოფაგის მშენებლობის ტექნიკურ დეტალებზე და იქ არსებული პრობლემების შესახებ, თუმცა გვთხოვა მათზე საჯაროდ არ მესაუბრა. ჩვენ გვქონდა ძალზე საინტერესო და ინფორმაციით სავსე რამდენიმე საათიანი საუბარი. მისგან ასევე ვიყიდეთ წიგნი „ჩვენ ცოცხლები ვართ, სანამ  ვახსოვართ“, რომლის ავტორი თავადვე იყო. წიგნში ავტოგრაფიც დაგვიტოვა. შემდეგ ჩვენ ვისაუბრეთ ფოტოგრაფიაზე და მის ბინაში მოწყობილ სტუდიაში რამდენიმე საერთო სურათიც გადავიღეთ. ალექსანდრესთან ერთად ასევე ვისაუბრეთ ჩვენ არალეგალურ მოგზაურობაზე ჩერნობილის ზონაში, იგი რამდენიმე თვის წინ ესტუმრა იქაურობას და უამრავი რჩევაც მოგვცა შემდგომი ლაშქრობებისთვის.

დღის პირველი საათი იყო როდესაც ჩვენ დავიშალეთ. სერგეის საღამოს ქონდა რაღაც შეჯიბრი და კიევში გაემგზავრა. მე კი წინ მელოდა კავკასიური და რუსული უბნები. ასევე მინდოდა მიტოვებული სასტუმროს დარუფვა და სურათების გადაღება. სადგურიდან დავიძარი ერევნის უბანში. გარემო წამებში შეიცვალა და ტიპიური საბჭოთა ქალაქიდან აღმოვჩნდი ერევნის საცხოვრებელ უბანში. კორპუსები მოყავისფრო-მოვარდისფრო ფერების ტუფით იყო მოპირკეთებული. ეზო ფართე და გამწვანებული იყო, იდგა უამრავი მაყალი, ერევანში მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. ეზოებში სიარულის დროს ერთ-ერთი კორპუსის პირველი სართულზე მამაკაცს ვკითხე, იყო თუ არა მართლა აქტუალური ამ მაყლებში მწვადის შეწვა? რაზეც მიპასუხა, რომ პრაქტიკულად ყოველ დღე ვიღაც მწვადს წვავს. ერევნის უბანში იყო უამრავი სკოლა სპორტ-კომპლექსი და ბაღი. ასევე იყო უზარმაზარი კერძო სექტორიც, რომელიც ტალინის უბანივით მოვლილი და კეთილმოწყობილი იყო.

ერთგვარი შაბლონის დარევა მქონდა თავში, თითქოს გგონია რომ სომხეთის გაუმჯობესებული ვარიანტია ეს ერევნის უბანი. სომეხმა არქიტექტორებმა უბნის დასაწყისში ააგეს რამდენიმე ძეგლი და მემორიალური კედელი, სადაც ორ ენაზე ეწერა არქიტექტორების სახელები.

ერევნის უბნიდან გადმოვედი ბაქოს უბანში,სადაც სომხები და აზერბაიჯანელები ერთად, გვერდიგვერდ მუშაობდნენ. მაშინ ისინი არ ომობდნენ. უბანი საკმაოდ ცარიელი და მოუვლელი აღმოჩნდა. ფასადების საღებავი ამძვრალი იყო, სადარბაზოები შელახული და საბავშვო მოედნები პრაქტიკულად დაცარიელებული იყო. კორპუსების ფასადები ბრუტალიზმის სტილში იყო გაკეთებული, არ ვიცი ბაქოშიც ასეა თუ არა საცხოვრებელი უბნები მოწყობილი. ამ უბნიდან დამამახსოვრდა მხოლოდ ერთი სადარბაზო, რომელიც საბჭოთა ბარელიეფით იყო მოპირკეთებული


ბაქოს უბნის შემდეგ მე გადმოვედი თბილისის უბანში და გონებრივად გადავინაცვლე ჩვენი დედაქალაქის გარეუბანში, სადაც მსგავსი პროექტის კორპუსები მრავლად დგას: თუ არ ვცდები, ვაშლიჯვარში, ვაზისუბანში და ვარკეთილში. სტანდარტული 9 სართულის ნაცვლად იქ ხუთი სართული იყო. თავდაპირველად მეგონა, რომ სართულების რაოდენობა შეამცირეს იმისათვის, რომ ლიფტი არ დაემონტაჟებინათ და თანხები დაეზოგათ, მაგრამ ადგილობრივებთან საუბრის შემდეგ გავიგე, რომ ვცდებოდი, ლიფტი ყველა კორპუსში იყო. მათ ძალიან გაუკვირდათ ჩემი რეაქცია როცა გავიგე, რომ მათი ლიფტები უფასო იყო, თბილისში ეს ხომ ნეტარებაა.

უბნის გამწვანება ტყეს ჰგავდა. კორპუსების ირგვლივ ყვავილებით სავზე გაზონები იყო მოწყობილი. ყველგან სისუფთავე და წესრიგი იყო. ყველა შენობა, ღობე და საბავშვო მოედანი ახალ შეღებილი იყო. კორპუსები ფართედ და ჰარმონიულად იგდნენ. აივნების შუშებში ჩასმის პრაქტიკა იქაც ყოფილა. მოკლედ ყველაფერი როგორც სახლში, ისე იყო. სრული ანტურაჟისთვის მიშენებები და ერთმანეთზე დაპარკინგებული მანქანები იყო საჭირო. მივდიოდი მერე და ვფიქრობდი, იქ თუ შეძლეს უბნის მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენახვა, ჩვენთან, თბილისში რატომ არის გარეუბნები გეტოს მაგვარი. სანამ საქართველოს დროშასთან ერთად ვიღებდი სურათებს, ერთმა ქალბატონმა მკითხა; „-რატომ არის საქართველოს კოპრუსებში ისეთი დიდი ბინები და ისეთი მაღალი ჭერი?“ და ეს კიდევ ერთი კითხვა იყო, რომელზეც ვერ გავეცი პასუხი. -რატომ? -ესე გამოვიდა…. რა ვიცი….

თბილისის უბანი ერთ-ერთ პრესტიჟულ უბნად ითვლებოდა. იგი ყველაზე ახლოს მდებარეობდა ცენტრალურ მოედანთან. მის შესასვლელში იდგა სტელა, სადაც იყო საბჭოთა რესპუბლიკების და მათი დედაქალაქების ჩამონათვალი, რომლებიც მშენებლობაში იღებდნენ მონაწილეობას, თბილისის უბანს ჰქონდა რამდენიმე სპორტ კომპლექსი და პატარა კერძო სექტორიც

თბილისის უბნის მერე მოვინახულე მოსკოვის უბანი. იგი იყო მინიმალისტური მართკუთხედი და მკაცრი. კორპუსები თეთრი ქვით იყო მოპირკეთებული და უბნის შიგნით არ იყო მაინცდამაინც ბევრი შესასვლელი. ეზოები საკმაოდ პატრა, თუმცა მოვლილი იყო. იდგა უამრავი მანქანა. გამწვანება ძალიან მცირე იყო და ძირითადად ბერიოზას ხეებისგან შედგებოდა. საქმე იმაშია, რომ რუსული მშენებლობის მოდელის მიხედვით, მიწაზე ჯერ ყველაფერი ნადგურდებოდა, შენდებოდა ინფრასტრუქტურა, შემდგომ გამწვანება თავიდან კეთდებოდა. დანარჩენმა რესპუბლიკებმა კი პირიქით კორპუსები ლანდშაფტს მოარგეს.

მოსკოვის უბნის მერე მოვინახულე დობრინენსკი და ჩერნიგოვსკის უბნები. ერთმანეთისგან ისინი დიდად არ განსხვავდებოდნენ, ორივე მოუწესრიგებელი ფასადებით და ინფრასტრუქტურით, გამწვანების არარსებობით და უამრავი დაუმთავრებელი შენობით გამოირჩეოდნენ. ერთ-ერთ მათგანში პოლიციის შენობაც შევამჩნიე. მეგონა პოლიცია იქ საერთოდ არ არსებობდა. უბნების მსგავსი მდგომარეობა იმით იყო განპირობებული, რომ ქალაქი თავდაპირველად 20 000 მოსახლეზე იყო დაპროექტებული, მაგრამ საცხოვრებელი ადგილების სიმცირის გამო კიდევ 5000 კაცისთვის დაამატეს საცხოვრებელი ამ ორი უბნის სახით, 90-იანი წლების პერიოდში და მაშინ ვინღა ფიქრობდა ფასადებზე და გამწვანებაზე. კორპუსებიც იქ ძირითადად 9 სართულიანებია.

უბნების გადაღების შემდეგ გავედი ცენტრში და ჩემთვის და სერგეისთვის ვიყიდე სამახსოვრო მაგნიტები. დრო კიდევ მრჩებოდა და მივედი მიტოვებული და დაუმთავრებელი სასტუმროს შენობასთან. ბაზრის მხრიდან იქ უამრავი ხალხი იყო, ხოლო პარკის მხრიდან არავინ იყურებოდა. ღობის ერთ-ერთი ნაწილი ცერად იყო და მისი გადალახვა უპრობლემოდ შევძელი. შენობაში შესვლა არც თუ ისე მარტივი იყო, პირველი სართულის ფანჯრები გისოსებით იყო დახურული და გარკვეული დრო დამჭირდა, სანამ შესაძვრომს ვიპოვიდი. შენობაში დიდად არაფერი საინტერესო არ იყო და პირდაპირ სახურავზე ავედი.

სახურავზე გასასვლელიც ძლივს ვიპოვე, მომიწია ალტერნატიული კიბეების უჯრედის პოვნა, რათა ბოლო სართულზე ავსულიყავი. სახურავიდან მთელი ქალაქი ჩანდა, რადგან სასტუმრო ყველაზე მაღალი შენობა იყო ამ ქალაქში. სლავუტიჩი პრიპიატივით გამწვანებული და მყუდრო იყო. ჩანდა რკინიგზის და ავტო სადგურები. სახურავზე რამდენიმე სურათი გადავიღე. მალევე შენობის პირველ სართულზე აღმოვჩნდი. გასასვლელის პოვნაში ასევე გარკვეული დრო დავხარჯე. სადგურზე მაღაზიაში ვიყიდე წყალი, მოვწიე სიგარეტი და სამარშრუტო ტაქსში დავჯექი.

კიევამდე სამი საათი ვიმგზავრე. გზაში ვუსმენდი მუსიკას და გადაღებულ სურათებს ვარჩევდი. ის ორი დღე, რაც ამ ქალაქში გავატარე დადებითად აისახა ჩემს ნერვებზე. დასვენებული და ახალი შთაბეჭდილებებით აღსავსე ვბრუნდებოდი უკან. ამ პატარა ქალაქის მეშვეობით მე შევძელი მენახა ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკის არქიტექტურა და ვიზუალურად წარმომედგინა პრიპიატი ისეთი, როგორიც ის იყო ავარიამდე. კიევში ჩამოსვლისთანავე შევხვდი სერგეის და სხვა მეგობრებს. ამით ჩემი მოგზაურობა უკრაინის კიდევ ერთ საინტერესო მხარეში დასრულდა. მომეცა საშუალება ჩერნობილის ისტორიაში უფრო ღრმად ჩამეხედა და მეგობრების კითხვაზე, თუ როგორი იყო სლავუტიჩი, ვპასუხობდი მოკლედ: – მყუდრო.


წაიკითხეთ ასევე:

ჩემი პირველი არალეგალური ლაშქრობა ჩერნობილის ზონაში

ჩემი მეორე არალეგალური ლაშქრობა ჩერნობილის ზონაში


ყველას დიდი მადლობა, ვინც ეს პოსტი წაიკითხა. ამ ლაშქრობის ვიდეობი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს YOUTUBE არხზე. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. ასევე FACEBOOK და INSTAGRAM გვერდები. სადაც ნახავთ უამრავ საინტერესო მასალებს ჩემს ურბანულ ლაშქრობებიდან.

 

Related Posts

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *